თანამედროვე Chevelle 70/SS | უფრო მეტი ცხენის ძალა, ვიდრე Bugatti Chiron-ში
ფლორიდაში დაფუძნებული კომპანია Trans Am Worldwide, წლებია ბაზარს გათანამედროვებულ და ბევრად უფრო მძლავრ ამერიკულ „მასლქარებს“ სთავაზობს. ამჯერად კი, კომპანია ამერიკული საავტომობილო კულტურის კიდევ ერთ ეპოქას დაუპირისპირდა და შექმნა ის, რასაც Chevelle 70/SS-ს უწოდებენ.
რეტროსტილის ავტომობილი მეექვსე თაობის Chevrolet Camaro-ზეა დაფუძნებული და ლეგენდარული 1970 წლის Chevrolet Chevelle SS-ის ინსპირაციით შეიქმნა. რაც მთავარია, მას საკმარისზე მეტი სიმძლავრე აქვს იმისთვის, რომ თანამედროვე ჰიპერქარების ნამდვილ კონკურენტად მივიჩნიოთ. Trans Am Worldwide ამ მოდელს გასული წლიდან აწყობს და უნიკალურ ეგზემპლარზე მუშაობა ახლახან დაასრულა.

ეს კონკრეტული Chevelle 70/SS ერლ ნიუმენისთვის შეიქმნა - ადამიანისთვის, რომელმაც 1970 წლის Chevrolet Chevelle-ის Pilot Car-ს, დოკუმენტირებულად უძველეს LS6-ძრავიან Chevelle-ს, გასულ წელს 220 000 აშშ დოლარი დაახარჯა. ახლა კი, ამ მოდელის თანამედროვე ვერსია სურდა.
მოდიფიცირებულ ვარიანტში Camaro-ს პოვნა თითქმის უკვე შეუძლებელია, სხვა მხრივ კი, დიზაინი 70-იანი წლების გამოძახილია. „მასლქარისთვის“ახალი ქრომირებული ბამპერი, უნიკალური ცხაური და ახალი მრგვალი ფარები შეიქმნა. ამას დამატებული ოქროსფერი ფერები და Pilot Car-ის მსგავსი სარბოლო ზოლები, რომლებიც კაპოტს გაჰყვება.

საბაზო მოდელი 5.7-ლიტრიანი LT1 V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 425 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ხოლო სუპერჩარჯერი ვერსია - 675 ან 800 ცხენის ძალას. 396 Heritage-ის შემთხვევაში 6.6-ლიტრიანი V8 ძრავა გაქვს, 800 ცხენის ძალით ან ორმაგი ტურბოძრავით, რომლის შემთხვევაშიც გამომუშავება 900 ცხ.ძ-მდე იზრდება.
ყველაზე მძლავრი კი, 454 LS6X Limited Edition-ია. ეს მოდელი მხოლოდ 20 ეგზემპლარად იქნება წარმოებული. ამ შემთხვევაში ხელმისაწვდომია 7.4-ლიტრიანი V8 ძრავის სამი ვერსია - 900 ცხენის ძალით, 1 000 ცხენის ძალით და განსაცვიფრებელი 1 500 ცხენის ძალით. ეს კი უფრო მეტია, ვიდრე Bugatti Chiron-ის 1 479 ცხენის ძალა.
მანქანის კორპუსის პანელი მსუბუქი კარბონისგანაა დამზადებული, არის როგორც მყარი მოსახსნელი სახურავით, ასევე სრულად ფუნქციონალური დასაკეცი რბილი სახურავით. რაც შეეხება ღირებულებას, საბაზო ვერსიის ფასი 195 000$-ია, სხვა მოდელებისთვის კი, ფასი იზრდება.