1969 წლის Camaro | Chiron-ზე მეტი ცხენის ძალით და ნახევარ ფასად
კლასიკური ამერიკული „მასლქარები“ ავტომოყვარულებს შორის პოპულარობას წლების გასვლის მიუხედავადაც არ კარგავს. ხოლო მათთვის, ვისაც თავიანთი საყვარელი ავტომობილის გათანამედროვებული და თან, გაძლიერებული ვერსიის შეძენა სურთ, რამდენიმე ტუნერიც არსებობს, რომელიც თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია.

ამჟამად „მასლქარის“ მოდიფიცირების პატივი კალიფორნიულ კომპანიას, Blazin Rods-ს ხვდა წილად. მან კი, ახალი ავტომობილი არც მეტი არც ნაკლები 1969 წლის Camaro-ზე დააფუძნა და მისგან ახალი მონსტრიც შექმნა. როგორც თავად ამბობს, თქვენ წინაშე „მსოფლიოში პირველი კლასიკურ/ჰიბრიდული ჰიპერქარია“.
სპეციალურად დამზადებულ შასზე დაფუძნებული ახალი Camaro კაპოტქვეშ ჰიბრიდულ V8 ძრავას მალავს, რომელსაც მინიმუმ 1 600 ცხენის ძალის გამომუშავების შესაძლებლობა აქვს. მიხვდებოდით, რომ ეს გაცილებით მეტია ვიდრე Bugatti Chiron-ის სიმძლავრე, რომელიც 1 479 ცხენის ძალას უზრუნველყოფს. ამას გარდა, მნიშვნელოვნადაა შეცვლილი ავტომობილის ექსტერიერი - დამატებულია კარბონის კორპუსი, შედარებით ფართო ფარებიცა და განახლებული შემშვებიც. გამორჩეული დეტალია უკანა ფრთაც.

კიდევ უფრო საინტერესო ზედაპირის ქვეშ იმალება. კომპანიის განცხადებით ძარა მთლიანად „ჰიპერქარის შესაბამისი სტანდარტითა და დამუშავებული კომპონენტებისგანაა“ დამზადებული. Camaro-ს შუაში დამონტაჟებული 5.8-ლიტრიანი V8 ძრავა უყენია, რომელიც მშრალი შეზეთვის სისტემითაა აღჭურვილი. მხოლოდ Chevrolet-ის აგრეგატი 1 300 ცხენის ძალას და 9 000 მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს, ხოლო ელექტროძრავა დამატებით 300 ცხ.ძ-საც უზრუნველყოფს. Camaro მაქსიმალურ სიჩქარეს 322 კმ/სთ-ზე გამოიმუშავებს.

კომპანია მოდიფიცირებული მოდელის გამოშვებას მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით გეგმავს. ფასიც ექსკლუზიურობისა და Camaro-ს შესაძლებლობების შესაფერისია. მაგრამ „მასლქარი“, რომელიც Chiron-ზე მძლავრია, მისი თითქმის ნახევარი ფასი დაგიჯდებათ. თქვენ მხოლოდ $1.6 მილიონი უნდა გაამზადოთ.