ჩინეთში წარმოებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი — გამოწვევა ნორვეგიის კიბერუსაფრთხოებისთვის
ოსლოს მერიამ მცირე ხნის წინ ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ასობით ახალი ელექტრო ავტობუსით შეავსო. მწარმოებელი, რომლისგანაც ავტობუსები შეიძინეს, ჩინური Yutong-ია.
ქვეყნისთვის, რომელიც თავს განახლებადი ენერგიის წახალისებითა და მაღალი ტექნოლოგიების მხარდაჭერით იწონებს, ეს სარფიანი გარიგება ჩანდა — ეფექტიანი, ჩუმი, ეკოლოგიურად სუფთა.
თუმცა მალევე თავი უსაფრთხოების გამოწვევებმა იჩინა...
ქალაქი ელექტრო ტრანსპორტით
გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის ნორვეგიის დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად ელექტრო იქნება.
გარიგება ძალიან მომგებიანია ელექტრომობილების ჩინური მწარმოებლისთვისაც — ეს გარდამტეხი მომენტია, რომელიც ბრენდს ევროპულ საავტომობილო ბაზარზე შეიყვანს.
შეძენილი 300 ავტობუსების ნაწილი დედაქალაქის ქუჩებში უკვე გადაადგილდება და პირველადი შეფასებით, ძალიან ეფექტიანია — ტექნოლოგიურად ყველაფერი რიგზეა, პროგრამული განახლებები რეგულარულია და შენახვაც ძალიან იაფი ჯდება. 
მიუხედავად ამისა, Ruter-ის ინჟინრებმა ავტობუსებზე ჩატარებული კიბერუსაფრთხოების ტესტების შემდეგ დაასკვნეს, რომ ევროპაში წარმოებულ ელექტრო ავტობუსებთან შედარებით, ჩინური ტრანსპორტი ბევრად უფრო მოწყვლადია. აპარატული უზრუნველყოფის მიმართულებით, ყველაფერი კარგადაა, თუმცა ციფრულად ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს.
ინჟინრებმა აღმოაჩინეს, რომ Yutong-ის ავტობუსებზე წვდომის მიღება ჩინეთში არსებული სერვერებიდან დისტანციურადაა შესაძლებელი.
ამ კავშირის წყალობით, მწარმოებელს დიაგნოსტიკისა და განახლებების გამოგზავნის გარდა, პოტენციურად, ავტობუსების საერთოდ გაჩერება შეუძლია. ჩინური ავტობუსი შეიძლება ათასობით კილომეტრის დისტანციიდან უბრალოდ არასწორი განახლების გაგზავნის შემთხვევაში, მწყობრიდან გამოიყვანონ.
ნორვეგიის ტრანსპორტის მინისტრმა ფაქტს გამომაფხიზლეელი უწოდა და ქვეყნის მასშტაბით უცხოეთში აწყობილი ჭკვიანი ინფრასტრუქტურის მონიტორინგის ბრძანება გასცა. Ruter-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კომპანია ახლა მუშაობს, რომ ავტობუსებზე სრული და უნიკალური ადგილობრივი კონტროლი დაამყაროს.
ჩინური ავტობუსები ქალაქში მოძრაობას მომავალშიც განაგრძობენ, თუმცა ნორვეგიელებმა მიიღეს ფასეული გაკვეთილი იმასთან დაკავშირებით, რომ ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში ტრანსპორტის ტრასაზე ეფექტიანობასთან ერთად, მის პროგრამულ უზრუნველყოფაზეც უნდა იფიქრონ.