ჩინეთი, პორშე, პორშე პანამერა, უცნაური
Aa
Aa

ყველაზე მარტივი გზა Porsche-ს მოსაგებად | დაიკელით 3 თვეში 50 კილო

ჩინური სპორტდარბაზი ახალ „Porsche“-ს სთავაზობს ყველას, ვინც მათ გამოწვევაში ჩაერთვება და მომდევნო სამი თვის პერიოდში 50 კილოგრამის დაკლებას შეძლებს. მონაწილეობისთვის საჭირო მხოლოდ რეგისტრაციაა, რომელიც თითოეულ მონაწილეს არც ისე ცოტა, $1,400 დაუჯდება. 

სპორტდარბაზის ერთ-ერთი მწვრთნელის ინფორმაციით, მონაწილეობის სურვილი უკვე ათმა ადამიანმა გამოთქვა. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეების ფიტნესრეჟიმის შესახებ ფაქტობრივად არაფერია ცნობილი, როგორც ამბობენ რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა საცხოვრებლისა და კვების ღირებულებას მოიცავს. „ეს არის შეჯიბრება, რომელიც საზღვრებს სცდება. ჩვენ პროფესიულ ტრენინგებსა და დიეტას გთავაზობთ, რომელიც მონაწილეებს წონის უსაფრთხოდ კლებაში დაეხმარებათ“, - განაცხადა ტრენერმა.

სპორტდარბაზმა შეჯიბრებისთვის სპეციალური სარეკლამო პოსტერიც მოამზადა, რომელზეც თეთრი ფერის სპორტქარის, Porsche Panamera-ს ფოტო იყო გამოსახული. თუმცა როგორც შემდგომში მწვრთნელმა აღიარა, მთავარი პრიზი არა სრულიად ახალი Porsche, არამედ 2020 წლის მოდელი იქნებოდა, რომელსაც ის თავად უკვე რამდენიმე წელია რაც მართავს.

2020 წლის Porsche Panamera-ს ძირითადი მახასიათებლები კი ასე გამოიყურება: 3-ლიტრიანი ტურბო V6 ძრავა, რომელიც 330 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. შედეგად მოდელი მაქსიმალურ სიჩქარეს 260 კმ/სთ-ზე აღწევს და 0-დან 100-მდე 5.7 წამში ჩქარდება. მანქანას სულ ოთხი მართვის რეჟიმი აქვს - სტანდარტული, სპორტული, სპორტული+, ინდივიდუალური - და გამოშვების დროისთვის მისი ღირებულება $87 000-ის ფარგლებში იყო.

სპორტდარბაზის შეთავაზება შესაძლოა მაცდურად ჟღერდეს, თუმცა კრიტიკოსებმაც არ დააყოვნეს. მათ შორის არის ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები, რომელთა მტკიცებითაც 3-თვიან პერიოდში 50 კილოს დაკლება ჯანმრთელობისთვის შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს. ამის საპირისპიროდ სპორტდარბაზი აცხადებს, რომ ყველა მონაწილეზე დიეტა და სავარჯიშო რეჟიმი ინდივიდუალურად იქნება გაწერილი და მათ ყოველდღიურ რეჟიმში სპეციალისტებიც დააკვირდებიან.

 

 

მსგავსი სიახლეები