ვიდეოთამაში, გრანდ სეფთ აუტო, ტრეილერი
Aa
Aa

GTA 6-ის გამოშვების თარიღი კიდევ ერთხელ გადავადდა

Grand Theft Auto-ს მეექვსე ნაწილის გამოშვების თარიღი კიდევ ერთხელ გადაიდო. რამდენიმე თვის წინ დაანონსებული გეგმით, პოპულარული ვიდეოთამაში 2026 წლის მაისში უნდა გამოსულიყო. თუმცა, უახლესი ინფორმაციით, GTA 6-ს ახლა უკვე მომდევნო წლის 19 ნოემბრამდე არ უნდა ველოდოთ. 

GTA-ს ბოლო, მეხუთე ნაწილი 2013 წელს გამოვიდა და მსოფლიოში მეორე ყველაზე გაყიდვადი თამაშიც გახდა. 12 წლის გასვლის მიუხედავადაც, Grand Theft Auto კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს და შესაბამისად, მის გამოსვლასაც ბევრი ელოდება. თავდაპირველი გეგმით, ვიდეოთამაშის მეექვსე ნაწილი 2025 წლის შემოდგომაზე უნდა გამოსულიყო, თუმცა Rockstar-ის გუნდმა თარიღი 2026 წლის მაისამდე გადაავადა და განაცხადა, რომ მათ შესაბამისი დონისა და ხარისხის თამაშის შესაქმნელად დამატებითი დრო სჭირდებოდათ: 

„ჩვენი გამოშვებული ყველა თამაშის მიზანი, თქვენი მოლოდინის გადაჭარბება იყო. და გამონაკლისი არც Grand Theft Auto VI-ია. ვიმედოვნებთ გესმით, რომ ეს დრო გვჭირდება, რათა გამოვუშვათ იმ დონისა და ხარისხის თამაში, რომელსაც იმსახურებთ და ელოდებით“. 

ამჯერად, Rockstar Games-ის მშობელი კომპანიის, Take-Two Interactive-ის აღმასრულებელ დირექტორს, შტრაუს ზელნიკს, თამაშის გადავადების კონკრეტულ მიზეზებზე არ უსაუბრია. თუმცა დარწმუნებით თქვა, რომ მათი გუნდი GTA-ს მოყვარულებს ზუსტად მოლოდინებს გაუმართლებს და მათ შესაფერის, მაღალი ხარისხის თამაშს გამოუშვებს. 

Grand Theft Auto VI-ის პირველი ოფიციალური ტრეილერი 2023 წლის დეკემბერში გამოვიდა. მეორე ტრეილერი კი, რომელიც თამაშის შესახებ უფრო მეტ დეტალს ავლენს, მიმდინარე წლის მაისში ვიხილეთ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები