Nissan, ელექტრომობილები, ნისანი, იაპონური, Nissan Leaf, დისტანციის ტესტი
Aa
Aa

ახალმა Nissan Leaf-მა დისტანციის ტესტში ყველა მოლოდინს გადააჭარბა

ახალმა Nissan Leaf-მა შთამბეჭდავი შედეგი დააფიქსირა — ერთი დამუხტვით ელექტრომობილმა 480 კილომეტრზე (300 მილი) დიდი მანძილი დაფარა, რაც Nissan-ის მიერ მოდელის ოფიციალურ მონაცემებში დაფიქსირებულ ლიმიტსაც აჭარბებს. გამოცდა ახალ მოდელს Edmunds.com-მა ჩაუტარა, რომელსაც ელექტრომობილის შემოწმების საკუთარი მეთოდოლოგია აქვს.

Edmunds-ის ტესტის 60% ქალაქში ტარდება, 40% კი ავტობანზე — ეს, კომპანიის ცნობით, დაახლოებით ის პროპორციაა, რომელსაც საშუალოსტატისტიკური ამერიკელი მძღოლი ქალაქსა და გზატკეცილზე ატარებს. 

EPA-ს ოფიციალური რეიტინგით, Nissan Leaf Platinum+ 416 კილომეტრის გავლის შემდეგ უნდა გაჩერებულიყო, თუმცა აღნიშნულ მაჩვენებელს მთელი 20%-ით გადააჭარბა. საშუალოდ, იაპონური ელექტრომობილი ყოველ 100 კილომეტრზე, დაახლოებით 17.27 კვტ. სთ ენერგიას ხარჯავდა, რაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია. 

ამ გამოცდის შედეგი აჩვენებს, რომ ნისანმა მომხმარებლისთვის მიცემული პირობა არ დაარღვია და ელექტრომობილის ბატარეების გაუმჯობესებაზე მართლაც იზრუნა. 

ამ ეტაპზე, ყველა Leaf წინაამძრავიანია და 75 კილოვატ-საათიან ბატარეებითაა აღჭურვილი, თუმცა ახლო მომავალში 52 კვტ.სთ-იანი, მეტად ბიუჯეტური ვერსიის გამოშვებაც იგეგმება. 

რა ვითარება აქვთ Nissan Leaf-ის კონკურენტებს?

რასაკვირველია, Leaf ერთადერთი მომცრო ზომის ელექტრომობილი არ არის, რომელიც დიდ მიზნებს ეთამაშება... მაგალითად, აღნიშნულ ტესტში Chevy Equinox EV-მა ერთი დამუხტვით 573 კილომეტრი გაიარა, თუმცა შედარებით მეტი ენერგია დახარჯა. 

Hyndai Kona EV კონკურენტებს ჩამორჩა და დაახლოებით Leaf-ის მსგავსი ენერგიის ხარჯვით მხოლოდ 424 კილომეტრის გავლა შეძლო. 

ოპონენტების შედეგები 2026 წლის Nissan Leaf-ს კარგ მდგომარეობაში აყენებს — ბიუჯეტურია, ეფექტიანი ბატარეა აქვს და საკმაოდ დიდ მანძილს ფარავს. როგორც ჩანს, ელექტრომობილების ინდუსტრიაში ნისანი ზედმეტი ხმაურის გარეშე, ჩუმი პროგრესით საკუთარ ნიშას ნელ-ნელა იკავებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები