ჩინური ავტობუსების პრობლემა — გამოძიებას გაერთიანებული სამეფოც ჩაატარებს
საზოგადოებრივი ტრანსპორტის სერვისის მიმწოდებლები ნორვეგიასა და დანიაში ცოტა ხნის წინ სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ — აღმოჩნდა, რომ ჩინეთიდან ჩამოყვანილი ელექტრო ავტობუსები, რომელთა მიმწოდებელიც Yutong-ია, მიუხედავად ეფექტიანობისა და დაბალი ფასისა, კიბერუსაფრთხოების საფრთხეებს შეიცავენ — ჩიპით, რომელიც ყველა ავტობუსშია დამონტაჟებული, ჩინურ ავტომწარმოებელს, პოტენციურად, ყველა ავტობუსის მწყობრიდან გამოყვანა შეუძლია.
აღნიშნულმა პანიკა გამოიწვია დიდ ბრიტანეთშიც, რადგან კუნძულოვან ქვეყანაში ამ მომენტში 700 ჩინური ავტობუსი გადაადგილდება. როგორც სკანდინავიელებს, ისე ბრიტანელებს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ და არც ერთი მათგანი იაფ გზაზე არ გაივლის. 
ავტობუსების საერთოდ მოშორება მიუღებელი ვარიანტია, რადგან ეს, ფაქტობრივად, ფულის წყალში გადაყრას უდრის. შესაბამისად, კომპანიებს მოუწევთ, დაიქირაონ საუკეთესო ინჟინრები, რომლებიც ავტობუსებს დაშლიან და ჩიპებს შეცვლიან, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც არანაკლებ ხარჯებს უკავშირდება.
თავად ჩინური კომპანია რისკებს უსაფუძვლოს უწოდებს და ჩიპებში პრობლემას ვერ ხედავს:
„მონაცემებს მხოლოდ ტრანსპორტის მომსახურებისთვის, ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესებისთვის ვიყენებთ. სპეციალური ავტორიზაციის გარეშე, პერსონალურ მონაცემებზე დაშვებას ვერავინ მიიღებს" — განუცხადა Yutong-ის წარმომადგენელმა The Guardian-ს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩინურ ელექტრომობილებზე მწარმოებლის წვდომამ აჟიოტაჟი გამოიწვია. არც ისე დიდი ხნის წინ, Xiaomi SU7-ის მფლობელებმა აღმოაჩინეს, რომ კომპანიას მათი მანქანის სიმძლავრის შემცირება დისტანციურად შეეძლო. 
შესაძლოა, კომპანია ბოროტად სულაც არ იყენებდეს ცენტრალიზებული კონტროლის ამ საშუალებას, თუმცა თავისთავად პრობლემურია ფაქტი, რომ ტრანსპორტზე, რომლითაც ადამიანები ყოველდღიურად გადაადგილდებიან, რეალური კონტროლი ძალიან შორს მყოფ ადამიანს აქვს.
რა არის გამოსავალი? რთული სათქმელია — ელექტრომობილების შემოსვლას ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერსად გავექცევით, პროგრამული ცენტრალიზაცია კი ამ პროცესისგან განუყოფელია.
ნებისმიერ შემთხვევაში, ნორვეგიას, დანიასა და აშშ-ს წინ დიდი შრომა ელით...