Tesla, ელექტრომობილები, BYD, Tesla Model 3, Tesla Model Y, გაერთიანებული სამეფო, BYD Dolphin, BYD Atto 3, BYD Seal
Aa
Aa

ბრიტანეთში ელექტრომობილების ყველაზე გაყიდვადი მწარმოებელი BYD გახდა

ხუთი წლის წინ ვინმესთვის რომ გეთქვათ, რომ გაერთიანებულ სამეფოში ელექტრომობილების Tesla-ზე გაყიდვადი მწარმოებელი BYD იქნებოდა, აუცილებლად დაგცინებდნენ... თუმცა დღეს სხვა რეალობაში გავიღვიძეთ — ოქტომბრის თვეში ჩინურმა ავტომწარმოებელმა Tesla-ზე 7-ჯერ მეტი ავტომობილი გაყიდა, რაც ამერიკული კომპანიისთვის განგაშის სიგნალი უნდა იყოს.  

წლების განმავლობაში, EV რევოლუციის ავანგარდში ტესლაზე მძლავრად არავინ იბრძოდა, თუმცა ამჯერად, გვირგვინს BYD დაეპატრონება.

გაყიდვების მაჩვენებლის ზრდა შთამბეჭდავია მთელი 2025 წლის ჭრილშიც — გასულ 10 თვეში BYD-მა გაერთიანებულ სამეფოში 39103 ელექტრომობილი გაყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს არც მეტი, არც ნაკლები, 6-ჯერ აჭარბებს! 

საპასუხოდ, 4.5%-ით დაეცა ტესლას გაყიდვები და 35355 ერთეული შეადგინა. ეს დრამატული ცვლილებაა, განსაკუთრებით კი იმ ქვეყანაში, რომელშიც წლების განმავლობაში EV გაყიდვების სტატისტიკას Tesla Model 3 და Model Y სტაბილურად ლიდერობდნენ.

BYD-ის წარმატებას, როგორც ჩანს, მრავალფეროვნება და, პირველ რიგში, ხელმისაწვდომობა განაპირობებს. ჩინური ავტომწარმოებელი მომხმარებელს აძლევს არჩევანს პერფორმანსს, პრაქტიკულობასა და ბიუჯეტურობას შორის — Atto 3, Dolphin და Seal ელექტრომობილების მოყვარულებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. 

Tesla პოპულარობას კარგავს

მიუხედავად ბრიტანეთში საქმეების გაუარესებისა, გლობალურად ტესლა მაინც ლიდერია — მეტიც, ჩინურ კონკურენტებს ამერიკული კომპანია ჩინეთშიც კი სჯობნის. 

მიუხედავად ამისა, ბრიტანელი მომხმარებელი მიწოდების ხანგრძლივობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს — ამ პარამეტრში კი BYD ტესლას საკმაოდ აღემატება. 

აღსანიშნავია EV ინდუსტრიის ახალი ტრენდებიც, რომელიც ფუტურიზმს ნელ-ნელა შორდება, Tesla კი სწორედ მომავლის დიზაინზე აკეთებს აქცენტს. 

ინდუსტრიის ანალიტიკოსები დასავლურ კომპანიებს გააქტიურებისკენ მოუწოდებენ, რადგან აღნიშნული ტრენდი მზარდია და, საბოლოოდ, პრობლემები მხოლოდ ტესლას არ შეექმნება...

მსგავსი სიახლეები