პროექტი, Porsche 911, პორშე 911, პორშე, სპორტქარი, Porsche 911 Targa
Aa
Aa

როგორ გამოიყურება Porsche 911 Targa, რომელმაც 31 წელი ხის ძირში გაატარა

Porsche ხშირად ტრაბახობს, რომ მის მიერ წარმოებული ავტომობილების 70%-ზე მეტი ჯერ ისევ ტრასაზეა, თუმცა 911 Targa, რომელზეც უნდა გესაუბროთ, ჭეშმარიტად დარჩენილი 30%-ის ნაწილია. აშშ-ში, აიდაჰოში, სამი დეკადის წინ მიგდებული და მივიწყებული კლასიკური სპორტქარი ხის ძირას, გირჩებში ჩაფლული იპოვეს. 

ავტომობილის „მაშველმა“, მარკოს მარზუკამ განაცხადა, რომ Targa მისი ოფისის მახლობლად 31 წლის განმავლობაში ეყენა. ამ დროის განმავლობაში, 911-ის ყიდვა არაერთმა ადამიანმა სცადა, თუმცა ყველამ უარი მიიღო — მარზუკა სხვებზე იღბლიანი აღმოჩნდა და მფლობელს აშკარად საუკეთესო დღეს გაესაუბრა.

რა მდგომარეობაშია ავტომობილი?

როცა ახალმა მფლობელმა პორშე ხელში საბოლოოდ ჩაიგდო, აღმოაჩინა, რომ 1970 წლის ავტომობილი წლების განმავლობაში ციყვების ზამთრის მარაგების საცავი იყო. 

ამას მიზანდასახული მარზუკა არ შეუჩერებია — ფარეხში გადაყვანისა და გასუფთავების შემდეგ, პორშე იმაზე უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე ამას ელოდნენ, შესაბამისად, აღდგენის პროცესიც მალევე დაიწყო. 

მანქანის ოდომეტრი 162500 კმ-ს აჩვენებს და კაპოტის ქვეშ კვლავ ქარხნულ 2-ლიტრიან, ექვსცილინდრიან ოპოზიტურ ძრავას შევხვდებით.

ახალი მფლობელი ავტომობილის ეტაპობრივად აღდგენას გეგმავს. მიუხედავად ბევრი საქმისა, პროექტი, სავარაუდოდ, ახალ წლამდე დასრულდება. პირველ რიგში, წინა მხარეს განლაგებული, დაკიდების დაჟანგული პანელები უნდა შეიცვალოს, შემდეგ კი ძრავა უნდა შეკეთდეს.

პროექტი მაგალითია იმისა, რომ მოთმინებითა და მიზანდასახულობით, ყველაზე უიმედო და მივიწყებული მანქანების გაცოცხლებაც შესაძლებელია.

ბოლოს კი, თუკი ამ კონკრეტული მოდელის შესახებ არ გსმენიათ, გეტყვით, რომ 911 Targa პირველად 1965 წელს გამოჩნდა და ამოავსო ნაპრალი ღია კაბრიოლეტსა და დახურულ კუპეს შორის — შესთავაზა რა პორშეს მოყვარულებს როგორც უსაფრთხოება, ისე ელეგანტურობა.

მსგავსი სიახლეები