BYD ელექტრომობილების ბაზარზე დომინაციას აგრძელებს | ჩინური ბრენდის ახალი გეგმა
როგორც ჩანს, BYD საკუთარი ოცნებების შენებას მართლაც გეგმავს (კომპანიის დასახელებაში არსებული აბრევიატურა სწორედ ამას ნიშნავს — Build Your Dreams). 2026 წლისთვის ჩინურმა ავტომწარმოებელმა ამბიციური მიზანი დაისახა — ქვეყნის საზღვრებს გარეთ, მომავალ წელს BYD-ის 1.5 მილიონი მანქანა უნდა გაიყიდოს.
კომპანია 2003 წელს დაარსდა და საავტომობილო ბაზარზე 2005 წელს, ბენზინზე მომუშავე ავტომობილით გამოჩნდა. 2008 წელს BYD-მა პირველი ჰიბრიდული მოდელი F3DM წარმოადგინა, რომელსაც მალევე, 2009 წელს სრულად ელექტრო e6 მოჰყვა.
მიუხედავად „ხანდაზმულობისა“, გაყიდვების მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებებს კომპანიამ მხოლოდ ელექტრომობილების ბუმის დაწყების შემდეგ, სულ რამდენიმე წლის წინ მიაღწია. წყალგამყოფ მომენტად შეიძლება 2025 წლის დასაწყისიც ჩავთვალოთ, როცა ევროპაში გაყიდვებით BYD-მა ამერიკულ გიგანტს, Tesla-ს გადაასწრო.
გასულ თვეში, კომპანია ელექტრომობილების ყველაზე გაყიდვადი ბრენდი გახდა გაერთიანებულ სამეფოშიც, რომელიც, ტრადიციულად, Tesla-ს მიერ დომინირებული ბაზარი იყო.
ასევე იხილეთ: ბრიტანეთში ელექტრომობილების ყველაზე გაყიდვადი მწარმოებელი BYD გახდა

ამჯერად, BYD გეგმავს, ჩინეთში ახალი საწარმო გახსნას, რომლის ფართობიც მთელ სან-ფრანცისკოზე დიდი იქნება. ეს ჩინურ ბრენდს წარმოებისა გაზრდისა და მიწოდების ჯაჭვის მეტად გააქტიურების სივრცეს მისცემს. 2025 წელს, ჯერჯერობით არსებული დინამიკის მიხედვით, ჩინეთის გარეთ მილიონამდე BYD გაიყიდება, თუმცა კომპანიას, 206 წელს, სულ მცირე, 50%-იანი ზრდის დაფიქსირება სურს. 
რა თქმა უნდა, რაოდენობის ზრდასთან ერთად, გაეშვება ახალი მოდელებიც. ბრენდის ისტორიაში პირველად, BYD გამოუშვებს სრულად უცხოური ბაზრისთვის განკუთვნის ელექტრომობილსაც — Racco EV არაიაპონური მარკის პირველი kei ავტომობილი იქნება და ის მომავალი წლიდან ექსკლუზიურად იაპონიაში გაიყიდება.
ერთი სიტყვით, BYD ელექტრომობილების ინდუსტრიაზე დომინირებისთვის ემზადება.