Amazon-ზე ავტომწარმოებლების რიცხვი იზრდება | რომელი მარკების შეძენას შეძლებთ ონლაინ?
თუ ამ დრომდე Amazon-ს მხოლოდ წვრილმანი ნივთების ანდაც ტექნიკის შესაძენად იყენებდით, ახლა უკვე ამერიკული ელექტრონული კომერციის პლატფორმა ახალ პროდუქციაზეც ფართოვდება და ავტომობილების ინდუსტრიაშიც გადადის. ეს წესით ახალი ამბავი არ უნდა იყოს, რადგან რამდენიმე თვის წინ Amazon-ის წამოწყებას Hyundai შეუერთდა, ახლა კი მას Ford Motor-იც შეემატება.

თავდაპირველად პროგრამა მხოლოდ ლოს-ანჯელესის, სიეტლისა და დალასის მცხოვრებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი და მომხმარებელს სერტიფიცირებულ მეორად ავტომობილებს შესთავაზებს. საუბარია მეორად ავტომობილებზე, რომლებიც მკაცრ შემოწმებას გადიან და კონკრეტული გარანტიებით იყიდება. ავტომწარმოებლისა და Amazon-ის გათვლებით, ეს მომხმარებელს სასურველი ავტომობილების შეძენის პროცესს უფრო გაუმარტივებს.
საინტერესოა, რომ Tesla, საკუთარ ავტომობილებს, ონლაინ, ვებგვერდის საშუალებით უკვე ყიდის. Ford-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯიმ ფარლის განცხადებით, Tesla-ს პირდაპირი გაყიდვების მოდელი მას მნიშვნელოვან ფასობრივ უპირატესობას ანიჭებს. იგივე მიდგომა კი, Ford-ს ონლაინ ხელმისაწვდომობის გაფართოებაში დაეხმარა, განსაკუთრებით კი ელექტრომობილებზე.

„Hyundai Motor პირველი ავტომწარმოებელია რომელიც ავტომობილებს Amazon-ზე გაყიდის, Ford კი მეორე საავტომობილო კომპანიაა, რომელიც თავის მოდელებს პლატფორმაზე შემოგვთავაზებს“, - განაცხადა განაცხადა Amazon Autos-ის წარმომადგენელმა.
Ford-ის თქმით, პროგრამის მიმართ ინტერესი 160-დან 180-მდე დილერმა გამოთქვა, დაახლოებით 20 მათგანი Amazon-ის მეშვეობით გაყიდვების პროცესში უკვე ჩართულია. ცნობისთვის, მომხმარებლებს შესყიდვის დასრულება ონლაინ შეეძლებათ, თუმცა ავტომობილებისთვის მათ მიერ არჩეულ დილერს უნდა მიაკითხონ.