მოდიფიცირება, ქურდობა, თაღლითობა, შაკილ ო\'ნილი, რეინჯ როვერი
Aa
Aa

შაკის $180 000-იანი უნიკალური Range Rover მოიპარეს | კალათბურთელი ინფორმაციის სანაცვლოდ თანხას იხდის

შაკილ ო’ნილი არა მხოლოდ საკალათბურთო კარიერით, არამედ თავისი უნიკალური ავტომობილების კოლექციითაც ცნობილია. ამის მიზეზი კი, როგორც მისი მანქანებისადმი სიყვარული, ასევე ფიზიკური მონაცემებია, რის გამოც კალათბურთელს ხშირად სხვადასხვა მოდელების მოდიფიცირება და მასზე „მორგება“ უწევს ხოლმე.

ცოტა ხნის წინ, შაკის ერთ-ერთი, სპეციალურად მისთვის შექმნილი Range Rover მოიპარეს. ავტომობილის ღირებულება $180 000-ს აღწევს და პოლიციელები ამ შემთხვევას პროფესიული სატრანსპორტო თაღლითობის სერიას უკავშირებენ. ამ სქემის მონაწილეები თავს ლეგიტიმურ გადაზიდვის კომპანიებად ასაღებენ - ისინი ჩამოდიან, ტვირთავენ მანქანას და შემდეგ სამუდამოდ ქრებიან. მსგავსი თაღლითობის მსხვერპლი უკვე არაერთი მაღალი კლასის სპორტქარი და ძვირად ღირებული ავტომობილი გახდა.

შაკის SUV ჯორჯიის შტატში იმყოფებოდა, სადაც მას საჭირო სერვისი უტარდებოდა. კომპანიამ Range 20 ოქტომბერს აიყვანა, რის შემდეგაც ის უკვალოდ გაქრა. არსებული ვარაუდებით, ის ატლანტაში გადაიყვანეს. გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, პოლიციას დამატებითი კომენტარი ამ საკითხზე არ გაუკეთებია.

CBS News-ის ცნობით, შაკი ლოგისტიკურ კომპანია Effortless Motors-თან თანამშრომლობდა, რომელსაც კალათბურთელის მანქანებზე აქამდეც უმუშავია. ამჯერად, ისინი აცხადებენ, რომ დამნაშავე გადამზიდავია, ხოლო კომპანიამ არ იცის ვინ მიიღო მანქანა, რადგან მომხდარის შესახებ მხოლოდ SUV-ის გაუჩინარების შემდეგ შეიტყვეს. 

გამომძიებლების ინფორმაციით, მოდიფიკაციების გათვალისწინებით, Range Rover-ის ღირებულება $180 000 იყო. შაკს ავტომობილის დაბრუნებისა და დამნაშავეების დასჯის დიდი იმედი აქვს და ავტომობილზე ინფორმაციის მიწოდებისთვის $10 000-იანი ჯილდოც დააწესა.

 

მსგავსი სიახლეები