მძარცველები, Ford Mustang, Ford Mustang Mach-E, მუსტანგი
Aa
Aa

აშშ-ში არც ისე მოხერხებულმა მძარცველმა GPS ტრეკერით აღჭურვილი მუსტანგი მოიპარა

სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი Ford Mustang Mach-E-ს ქურდობის ბრალდებით, 29 წლის დელავერელი მამაკაცი დააკავეს და ეს უბრალო ქურდობა ნუ გეგონებათ — მისი სიუჟეტით ერთი კარგი ჰოლივუდური ფილმის გადაღებაც შეიძლება.

ახალგაზრდა კაცი, ისაია ვორთი, ერთ-ერთ სახელმწიფო ოფისში, სადაც აღნიშნული მუსტანგი იყო დაპარკინგებული, კანალიზაციიდან შეიპარა და ვერ გაითვალისწინა, რომ, როგორც წესი, ამ ტიპის დაწესებულებები სათვალთვალო კამერების რაოდენობას არ უჩივის.

სამართალდამცველების ცნობით, სიგნალიზაცია 15:50 საათზე გააქტიურდა და ადგილისკენ პოლიცია მაშინვე დაიძრა. პანიკაში ჩავარდნილმა მძარცველმა ჩანთა ფულით გაავსო, ოფისიდან გასაღებები მოიპარა და Ford Mustang Mach-E-ით ადგილიდან მიიმალა. მისდა საუბედუროდ, გაქცევა მაინცდამაინც „სუფთა“ არ გამოვიდა — ვორთი გასვლამდე პარკინგზე მდგარ ორ ავტომობილს დაეჯახა და, რაც ყველაზე ირონიულია, ფულით სავსე ჩანთა სადგომზე დარჩა... 

როგორ იპოვა პოლიციამ კანონდამრღვევი

დელავერის სამართალდამცავ ორგანოებს კრიმინალის საპოვნელად დიდი შრომის გაწევა არ მოუწიათ. მოპარული Mustang Mach-E GPS ტრეკერით იყო აღჭურვილი და ავტომობილის ადგილმდებარეობას, ფაქტობრივად, ლაივ რეჟიმში გადასცემდა. შესაბამისად, ერთ-ერთი ხიდის მახლობლად მიტოვებული მანქანა ძალიან მალე იპოვეს და მალევე მძარცველსაც ახლო-მახლო მოსეირნეს ჩაავლეს.  

ისაია ვორთს რამდენიმე ბრალი წარედგინა: მე-3 ხარისხის ძარცვის ორი შემთხვევა, ავტომობილის მოპარვა, ძარცვისთვის საჭირო ინსტრუმენტებისა და ხელსაწყოების ფლობა, დანაშაულის ჩადენის პროცესში ნიღბის ტარება, 1500$-ზე ნაკლები თანხის მოპარვა და ხულიგნობის სამი შემთხვევა. რამდენი წლის გატარება მოუწევს არცთუ წარმატებულ მძარცველს ციხეში, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები