ჯეიმს ბონდის გამოშვების BMW Z3 იყიდება | ისეთ ფასად, რომ უარს ვერ იტყვით
გერმანულმა ავტომწარმოებელმა BMW-მ თავისი საკულტო სპორტქარი Z3 დაახლოებით 30 წლის წინ, 1995 წელს წარადგინა და იმავე წელს, ეს მოდელი ფილმ GoldenEye-ის მოკლე მონაკვეთშიც გამოჩნდა. ფილმის გამოშვებასთან დაკავშირებით კი, ავტომწარმოებელმა სპეციალური, „ჯეიმს ბონდის გამოშვებაც“ შემოგვთავაზა. ახლა ერთ-ერთი, რომელსაც BMW Z3-ს „007“ ემბლემა აქვს, აუქციონზე იყიდება და მისი შეძენა, გასაკვირად დაბალი ღირებულებით შეგიძლიათ.

ჯეიმს ბონდის ავტომობილებზე ფიქრისას ყველას პირველი ალბათ Aston Martin გვახსენდება. თუმცა სინამდვილეში, BMW Z3-მა დიდი ისტორია შექმნა, რადგან ის გახდა პირველი ავტომობილი, რომელიც საზოგადოებას მთავარ კინოფილმში წარუდგინეს. 1995 წელს, BMW-ის GoldenEye-ში გამოჩენის შემდეგ კი, გერმანულმა ავტომწარმოებელმა გადაწყვიტა 50 ეგზემპლარად, ლიმიტირებული სპეციალური გამოშვების მოდელები ეწარმოებინა. თუმცა პირველი 50 ერთეული ისეთი სისწრაფით გაიყიდა, რომ კომპანიამ რაოდენობა 100-მდე გაზარდა.

მოდელებს 007-ის ბრენდინგი, დანომრილი ფირფიტები და სპეციალური სამახსოვრო დიზაინი ჰქონდათ. და ამ სპეციალური გამოცემებიდან ერთ-ერთი, 100-დან 66-ე ნომერი, ამ თვის ბოლოს Bonhams-ის Movie Car Collection-ის აუქციონზე გაიყიდება.

ამ კონკრეტულ მოდელს მხოლოდ 14 000 კილომეტრი აქვს გავლილი და იდეალურ მდგომარეობაშია. მანქანას ქარხნული ტელეფონის ნაკრები და დეტალური დოკუმენტაცია მოჰყვება. მიუხედავად მისი იშვიათობისა, ჯეიმს ბონდის გამოშვების BMW Z3 საკმაოდ გონივრული შეფასებით, 23 000-დან 35 000 აშშ დოლარამდე იყიდება. თუმცა თუ ეს Z3 არ მოგწონთ, აუქციონი კინოსა და ტელევიზიის არაერთ სხვა ცნობილ ავტომობილსაც შემოგთავაზებთ.

მათ შორისაა „ფორსაჟის“ ავტომობილები: 2001 წლის Mitsubishi Lancer Evolution VII, რომელსაც გარდაცვლილი პოლ უოკერი მართავდა და 1970 წლის Dodge Charger, ასევე ჯონ ვიკის საყვარელი 1969 წლის Ford Mustang Mach 1, 1987 წლის Ford LTD Crown Victory ფილმიდან „ადამიანები შავებში 2“ და ა.შ. „კინომანქანების კოლექციის“ აუქციონი 28 ნოემბერს იწყება.