გერმანიის ყველაზე დეფექტიანი მოდელი ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა
გერმანიის ავტომობილების შემოწმების საკონტროლო ორგანოს წლევანდელი შეფასებით, Tesla კვლავ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. TÜV-ის 2026 წლის ანგარიშში - რომელიც 2024 წლის ივლისიდან 2025 წლის ივნისამდე დაახლოებით 9.5 მილიონი ავტომობილის ყოველწლიურ საგზაო შემოწმებას მოიცავდა - Tesla-ს ელექტრომობილები ბოლო ორ ადგილს იკავებდნენ.
აღსანიშნავია, რომ Model 3-ში, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი რეიტინგის მქონე ავტომობილი იყო, დეფექტების მაჩვენებელი 13.1%-ზე დაფიქსირდა. ეს კი ნიშნავს, რომ 2-დან 3 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ავტომობილებში, ყოველი 7.6 ავტომობილიდან ერთმა, უსაფრთხოების შემოწმება ვერ გაიარა.

მაგრამ Model Y-ს „თანაგუნდელზე“ ცუდი შედეგები ჰქონდა. დეფექტების მაჩვენებელმა ელექტრო SUV-ის შემთხვევაში 17.3 პროცენტი შეადგინა. მაშინ, როდესაც Mini Cooper SE-ს 3.5 პროცენტი ჰქონდა, რაც მას ათწლეულის განმავლობაში ამ ასაკობრივ ჯგუფში TÜV-ის მიერ დაფიქსირებული ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. დეფექტების მიზეზი ძირითადად ღერძის ასამბლეა, საკიდარი, მუხრუჭები და განათება იყო.
თუ ყველა ასაკის ავტომობილების უფრო ფართო სურათს შევხედავთ, დიდად სახარბიელო მდგომარეობა არც აქ გვაქვს. მაგალითად, ADAC-ის ცნობით, ავტომობილების 21.5 პროცენტი, ანუ ყოველი მეხუთე, შემოწმებას ვერ გადიოდა, „მნიშვნელოვანი“ ან „სახიფათო“ დეფექტის გამო, რაც გასულ წელთან შედარებით 0.9 პროცენტით მეტია. მცირე დეფექტების პროპორცია კი 0.8 პროცენტით გაიზარდა და 12.3 პროცენტს მიაღწია.

სანდოობის „ბოროტმოქმედებს“ შორის ასევე მოხვდა BMW-ის მეხუთე და მეექვსე სერია - როგორც 4-5 წლის, ასევე 8-9 წლის ასაკობრივ ჯგუფებში - 6-7 და 10-11 წლის ასაკობრივ ჯგუფებში Dacia Duster და 12-13 წლის ავტომობილებს შორის Renault Clio.
თუმცა კარგი მხარეც უნდა შევაფასოთ. მაგალითად ის, რომ ზედიზედ მეოთხე წელია Volkswagen გამოცდას წარმატებით აბარებს. VW Golf-ის უნივერსალი და T-Roc 4-7 წლის ასაკობრივ კატეგორიებში მაღალ ქულებს აფიქსირებენ. ძველი ავტომობილების სათავეშია Touareg, ხოლო სხვა ავტომწარმოებლებიდან კარგი შედეგებით გამოირჩევიან Mazda CX-3 და Mercedes B-Class.

უნდა ითქვას ისიც, რომ 2-3 წლის ჯგუფში, პატარა ზომის ავტომობილების კატეგორიაში, პირველი ადგილი Fiat-ის 500e-მა დაიკავა, რითაც Tesla-ს დაუმტკიცა, რომ ელექტრომობილებიც შეიძლება საიმედო იყოს. Mazda 2 და BMW პირველი სერია ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე პატარა ზომის და კომპაქტური ავტომობილები გახდა, ხოლო საუკეთესო SUV-ის ტიტული კვლავ T-Roc-მა დაიმსახურა.