ნახეთ, როგორია იმედგაცრუება, რომელსაც Fiat 500 Hybrid ჰქვია
Fiat-მა ზაფხულში ახალი Fiat 500 Hybrid-ის ფოტოები გამოაჩინა, თუმცა ტექნიკური მახასიათებლები მხოლოდ ახლაღა ვიხილეთ, რისი მიზეზიც გასაგებია — რეტრო ამ ავტომობილში მხოლოდ ვიზუალი არაა, შორეულ წარსულში მისი პერფორმანსიც გვაბრუნებს. 
წლების წინ, იტალიური ავტომწარმოებელი აცხადებდა, რომ 2024 წლისთვის ევროპაში უკანასკნელ შიგაწვისძრავიან 500-საც გაქრობდა, რადგან ევროკავშირის რეგულაციებისთვის მისი მორგება ზედმეტი ხარჯი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, სრულად ელექტრო 500e-ს გაყიდვებში მნიშვნელოვანი ჩავარდნის გამო, კომპანიას მოუწია, მოდელი ჰიბრიდულად ექცია.
რამდენად ნელია ახალი Fiat 500?
კაპოტის ქვეშ არც ისე მრისხანე, „მაილდ-ჰიბრიდული" 1.0-ლიტრიანი, სამცილინდრიანი ძრავა დაგხვდებათ, რაც, ფაქტობრივად, უკვე შეჩერებულ მოდელში ეყენა, თუმცა, როგორც ჩანს, ტრანზიციაში Fiat-ს რამდენიმე ცხენი „გაექცა“...
69-ის ნაცვლად, ახლა ფიატის მოდელი 64 ცხენის ძალას გამოიმუშავებს 92 ნიუტონ მაბრუნ მომენტთან ერთად, რაც წინა ბორბლებს 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით მიეწოდება.

შესაბამისად, 0-დან 100კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად ტრადიციულ ჰეჩბექს 16.2 წამი სჭირდება, ხოლო 22 კილოგრამით მძიმე Cabrio-ს 17.3 წამი.
შემცირებულია მაქსიმალური სიჩქარეც — თუ წინა შემთხვევაში თქვენი Fiat 500-ით 167 კმ/სთ-ის განვითარება შეგეძლოთ, ახლა 150-ით უნდა დაკმაყოფილდეთ.
ერთადერთი, რასაც პროგრესი ეტყობა, ინტერიერია, რომელიც 500e-დანაა ნასესხები და აშკარად უფრო მაღალი ხარისხისაა.
ვახსენეთ ჰეჩბექი და Cabrio მოდელები, თუმცა საკუთრივ მყარსახურავიანი მოდელი ორი განსხვავებული სტილითაა წარმოდგენილი — ორკარიანი და 3+1.