Nissan ავსტრალიურ ბაზარზე ჩინურ პიკაპებს... ჩინური პიკაპით შეებრძოლება
ათწლეულების განმავლობაში Navara ერთადერთი პიკაპი იყო, რომელსაც Nissan ავსტრალიური ბაზრისთვის იმეტებდა. ეს ტრადიცია, საბოლოოდ, იცვლება. გასულ კვირას იაპონურმა ავტომწარმოებელმა უახლესი თაობის Navara წარადგინა და დაადასტურა ისიც, რომ მალე ამ ფრონტზე მას კიდევ ერთი პარტნიორი შეუერთდება.
სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ მხოლოდ ერთი პიკაპით აქტიურობა იმ ბაზარზე, რომელიც ძალიან დიდი ინტერესით სარგებლობს და სწრაფად ფართოვდება, კარგი ამბავი ვერ არის. შესაბამისად, 2027 წლიდან ავსტრალიურ ბაზარზე ჩინეთში, Dongfeng-თან პარტიორობის ფარგლებში აწყობილი დამუხტვადი ჰიბრიდი, Nissan Frontier Pro PHEV გამოჩნდება — ეს მაშინ მოხდება, როცა კომპანია მის მარჯვენა საჭეზე გადაწყობას დაასრულებს.

ვინ ლიდერობს ბაზარზე?
ამ კითხვისათვის პასუხის გაცემა მარტივია — რა თქმა უნდა, ჩინური ბრენდები. განსაკუთრებით პოპულარულ მოდელებს შორის ვხვდებით BYD Shark 6-სა და GWM Cannon Alpha PHEV-ს. თუ GWM აქამდე არ გაგიგიათ, ეს Great Wall Motors-ია. ასევე, ბაზარზე 2026 წლიდან შესვლას გეგმავენ Chery და JAC, რაც ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ ერთი მოდელით Nissan ვერ გაფრინდება.


საშინაო ბაზარზე, ახალი Frontier Pro 1.5-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი, ტურბოჩაბერვიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ელექტროძრავა უწყვილდება. შესაბამისად, ავტომობილი 402 ცხ.ძ-სა და 590 ნიუტონს გამოიმუშავებს და მხოლოდ ელექტრო მუხტით 135 კმ-ის გავლა შეუძლია, რაც ჩინური კონკურენტების მოდელებთან თანხვედრაშია.

ინტერიერი, რომელშიც 10-დუიმიან ციფრულ ხელსაწყოთა პანელსა და 14.6-დუიმიან მულტიმედიის მონიტორს ვხვდებით, BYD Shark 6-ის სალონს ძალიან წააგავს. Nissan Oceania-ს დირექტორმა, ენდრიუ ჰამბერსტოუნმა, განაცხადა, რომ Frontier Pro დააკომპენსირებს იმ ეკოლოგიურ ზიანს, რომელსაც დიზელზე მომუშავე Navara გარემოს აყენებს. მისივე განცხადებით, ახალი მოდელის „გამარჯვენასაჭიანებას“, დაახლოებით, 6 თვე დასჭირდება.