ყველასგან დავიწყებული სუპერქარი, რომელიც Corvette-ის „გულს“ მალავს
სუპერქარები შექმნილია იმისათვის, რომ გარშემო ყველას ყურადღება მიიპყროს. ისინი, თავიანთი ბუნებითაც კი, თვალშისაცემია. თუმცა ზოგჯერ, საავტომობილო სამყაროში ისეთ მოდელებსაც ვხვდებით, რომელთა არსებობის შესახებ ბევრმა არ იცის, ან უბრალოდ მივიწყებულნი არიან. Ferrari-ს, Lamborghini-სა და McLaren-ის ცნობილი ეგზოტიკებისგან განსხვავებით, ეს სუპერქარები, როგორც წესი პატარა შენობებში იწარმოებიან - მაგრამ თავის ცნობილ კონკურენტებს ნამდვილად არაფრით ჩამოუვარდებიან.
ეს ყველაფერი გვახსენებს ოდნავ მივიწყებულ სუპერქარს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში, Chevrolet Corvette Z06-ის „გულის“ გამოყენებით შეიქმნა. შესაძლოა მის შესახებ არც არასდროს გსმენიათ, მაგრამ თუ Lambo-ების სამყაროში განსხვავებული და სპეციალურად თქვენთვის შექმნილი სუპერქარი გსურთ, გირჩევთ მათ მიმართოთ.

ბიზნესი, რომელიც მობილური ტელეფონებისა და ბავშვის მოვლის საშუალებების გაყიდვით დაიწყო, ახლა მაღალი ხარისხის სპორტქარების მწარმოებლადაა ქცეული. ბრიტანელმა ავტომობილების დიზაინერმა და მეწარმემ არაშ ფარბუდმა 1999 წელს Farboud Limited-ი დააარსა, ხოლო 2002 წელს თავისი პირველი ავტომობილი, Farboud GT წარადგინა, რომელიც ჩანს, 90-იანი წლების ექსტრემალური GT1 მრბოლელებით იყო შთაგონებული. მოდელი 620 ცხენის ძალის მქონე 2.8-ლიტრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, კარბონის კორპუსითა და ძარით. თუმცა ის 2011 წელს, ქარხანაში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა.

არაშმა მანქანების წარმოება განაგრძო და 2008 წელს V8-ძრავიანი AF8 წარადგინა. ამ პატარა ზომის სუპერქარს Porsche 911-სთან კონკურენციას ერთი ნაბიჯი აშორებდა. გავრცელებული ცნობებით, მოდელი 7-ლიტრიანი GM-ის მიერ წარმოებულ LS7 ძრავას იყენებდა და იმ დროისთვის შესაშურ მაჩვენებლებსაც აღწევდა. 2015 წელს კი, კომპანიამ ახალი Arash AF8-ის სუპერქარი წარადგინა, 320 კმ/სთ-ით. ავტომობილის ფასი $218 000-ს აღწევდა.
Arash AF8 ახლა უკვე გაყიდვაშია. შემოთავაზებული მოდელი „სრულიად ახალი AF8 Launch Edition-ია“, მისი ღირებულება კი, ათი წლის წინ საავტომობილო ჟურნალების მიერ მოყვანილი ციფრებისგან ძალიან განსხვავდება. AF8-ის ფასი $725 500-ს აღემატება.

ამ ფასად მიიღებთ კომპაქტური იერის ავტომობილს, წინა მხარეს ძალიან მოკლე გადახურვით და წინ განლაგებული სალონით, რომელსაც კომპანია „რეაქტიული მანქანის“ მსგავსს უწოდებს. ავტომობილში მაღალი სიმტკიცის ფოლადია გამოყენებული, ხოლო ავარიისადმი მოწყვლად წერტილებში, ასევე ძრავის სამაგრში „ცალმხრივი ნახშირბადით გამაგრებული პლასტმასაც“ კი.
სიმძლავრე 7-ლიტრიანი V8 ძრავიდან მოდის, რომელიც 7 500 ბრ/წთ-ზე 560 ცხენის ძალას და 6 000 ბრ/წთ-ზე 645 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფი 6-სიჩქარიანი მექანიკაა. რა თქმა უნდა, 560 ცხენის ძალით, Arash AF8 პლანეტის ყველაზე მძლავრი სუპერქარი არაა. 100-მდე ის 3.5 წამში აჩქარებს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ია. შედარებისთვის, მექანიკური V6-ძრავიანი Lotus Emira 100 კმ/სთ-ს 4.3 წამში ავითარებს, ხოლო 718 Cayman GTS იგივე სიჩქარეს 3.8 წამში აღწევს.