ნახეთ, როგორი იქნება Opel Astra განახლებული დიზაინით
ევროპის მასშტაბით, ამ ეტაპზე, SUV-ები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ, თუმცა, როგორც ჩანს, კომპაქტური ჰეჩბექები ამ ტრენდის გამო დანებებას არ აპირებენ. Peugeot 308-ის რესტაილინგის შემდეგ, Stellantis-მა გადაწყვიტა, დიზანი Opel Astra-საც შეუცვალოს და ის VW Golf-ის მთავარ კონკურენტად ისევ აქციოს.
მე-6 თაობის Astra (L) 2021 წელს გამოვიდა და ეს GM-თან დაკავშირებული წარსულიდან მკაფიო მოწყვეტა იყო, რადგან მანქანაში Stellantis-ის არქიტექტურა პირველად გამოიყენეს. 4 წლის თავზე, კომპანიას იმედი აქვს, რომ დიზაინის ცვლილებით მას აქტუალობას შეუნარჩუნებს და მის პოზიციებს ბაზარზე უფრო გაამყარებს.
ავტომობილის წინა მხარეს მწარმოებელმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო — ცხაურა ახლა LED ელემენტებითაა გაფორმებული და განათებულ Opel Blitz-ის სიმბოლოსთან სინქრონში მოდის. ერთად ისინი Opel Compass-ს ქმნიან, საფირმო დიზაინს, რომელიც მარკის ყველა მომდევნო მოდელზე გამოჩნდება.

ასევე, როგორც ჩანს, ავტომობილს ბამპერზე უფრო დიდი ზომის ჰაერის შემშვები ნაპრალები ექნება და დისკებიც წინა მოდელზე მეტად ფუტურისტულ სტილში იქნება გადაწყვეტილი.
უკანა მხარე, ფაქტობრივად, არ შეცვლილა, თუმცა სულ მცირე ცვლილებები ეტყობა უკანა ბამპერს, რაც პროპორციებს განსხვავებულად აღქმადს ხდის. Opel-მა დაადასტურა, რომ რესტაილინგი შეეხება Astra Sports Tourer ფურგონსაც.
Opel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფლორიან ჰუეტლმა განაცხადა, რომ ახალი ასტრა მომხმარებელს განახლებული, უფრო მკაფიო და ზუსტი დიზაინითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით გააკვირვებს. ეს ნიშნავს, რომ Astra-ს რესტაილინგში მძღოლის დამხმარე უახლეს სისტემებსა და უფრო დახვეწილ ციფრულ საშუალებებს ვიხილავთ.
რაც შეეხება ძალურ აგრეგატს, როგორც ჩანს, მისი სტრუქტურა განახლებული Peugeot 308-ის მსგავსი იქნება — ეს სამ ვარიანტს მოიცავს: პირველი 1.5-ლიტრიანი ტურბოდიზელის ძრავაა, რომელიც 129 ცხ.ძ-ს გამოიმუშავენს. მეორე ვარიანტი 143-ცხენისძალიანი 1.2-ლიტრიანი, ტურბინიანი „მაილდ-ჰიბრიდული" ძრავაა. არსებობს მე-3, დამუხტვადი ჰიბრიდის ვარიანტიც, რომელსაც ჯამურად 192 ცხ.ძ-ის გამომუშავება შეუძლია და ბოლოს, რა თქმა უნდა, გამოვა სრულად ელექტრო Astra-ც — 154 ცხ.ძ-ით.
დეტალური ინფორმაცია ცოტა ხანში გახდება ცნობილი, რის შემდეგაც უფრო ზუსტად ვივარაუდებთ, რამდენად შეძლებს შეცვლილი ოპელი VW Golf-ისა და Peugeot 308-ისთვის წინააღმდეგობის გაწევას, იმ პირობებში, როცა ისეთმა ტრადიციულმა მოთამაშეებმა, როგორებიც Ford Focus და Renault Megane არიან, სეგმენტი დატოვეს.