Tesla, გაყიდვები, ელექტრომობილები, BYD, SAIC, ტესლა, ევროპა, BYD Dolphin
Aa
Aa

Tesla-ს გაყიდვები ევროპაში თითქმის 30%-ით დაეცა | ვითარება ევროპულ ბაზარზე

ჩინელი ავტომწარმოებლები ევროპის მასშტაბით გაყიდვებში დომინაციას აგრძელებენ. ოქტომბერი ამ კუთხით მათთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა — მხოლოდ ოქტომბერში, ევროკავშირის ქვეყნებში, გაერთიანებულ სამეფოში, ისლანდიაში, ლიხტენშტაინში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში ჯამურად 75000-მდე ჩინური ავტომობილი გაიყიდა. 

განსაკუთრებით ძლიერად SAIC გამოიყურებოდა, რომელმაც გასული წლის ოქტომბერზე 36%-ით მეტი, 23860 მანქანა გაყიდა. ჯამურად, ჩინური კომპანიის გაყიდვები 2025 წელს იანვარ-ოქტომბრის პერიოდში 26.6%-ით გაიზარდა და 250250 ერთეული შეადგინა.

ტრადიციულად, სტაბილურ ზრდას განიცდის BYD-იც და Tesla-ს გაყიდვებს უკვე 3-ჯერ აჭარბებს. ოქტომბერში კომპანიამ 17470 ავტომობილი გაყიდა, რაც წინა წლის ოქტომბერთან შედარებით გიგანტური, 206.8%-იანი ზრდაა. ჯამურად, Build Your Dream-ის გაყიდვები 285%-ით გაიზარდა და ევროპულ ბაზარზე 138390 ერთეული შეადგინა.

Tesla-ს ჯოჯოხეთი

რა თქმა უნდა, ეს მონაცემები დიდი პრობლემაა ამერიკული ავტომწარმოებლისთვის. თუ ელექტრომობილების ჩინური მწარმოებლების გაყიდვები ცისკენ მიემართება, Tesla-ს ანალოგიური მაჩვენებელი მიწისკენ მოიწევს. 2024 წლის ოტომბერთან შედარებით, 2025 წლის ოქტომბერში ტესლას ევროპული გაყიდვები 48.5%-ით შემცირდა და მხოლოდ 6964 ერთეულს დასჯერდა, წლის პირველი 10 თვის შედარება კი შარშანდელთან შედარებით 29.6%-იან ვარდნას აჩვენებს, თუმცა რაოდენობრივად, მაინც საკმაოდ სოლიდურია და 180688-ს შეადგენს.

ჩინური კომპანიების მიერ გაყიდული ავტომობილების 36% სრულად ელექტრო იყო, რომელთაგანაც ევროპელ მომხმარებელში ყველაზე პოპულარული მცირე ზომის BYD Dolphin-ია.

მდგომარეობა ევროპულ ბაზარზე

ამ მომენტში, ევროპულ ბაზაზე სრულად ელექტრო ავტომობილების წილი 16.4%-ია, რაც წელიწადში 38.6%-იან მატებას ნიშნავს. განსაკუთრებით თვალსაჩინო ზრდა გერმანიაში (+39.4%), ბელგიაში (+10.6%), ნიდერლანდებსა (+6.6%) და საფრანგეთში (+5.3%) შეინიშნება.  

ბაზარზე ჯერჯერობით ჰიბრიდული ავტომობილები დომინირებენ და მის 34.6%-ს იკავებენ. იანვარ-ოქტომბერში ეროპის მასშტაბით 3 109 362 ერთეული ახალი ასეთი მანქანა დარეგისტრირდა, განსაკუთრებული ზრდა კი ესპანეთში (+27.1%), გერმანიასა (+10.3%) და იტალიაში (+8.9%) დაფიქსირდა. 

გასულ წელთან შედარებით, 43.2% ზრდა აჩვენეს დამუხტვადმა ჰიბრიდებმაც, რომლებზე მოთხოვნაც ესპანეთში 109.6%-ით, იტალიაში 76.5%-ით, ხოლო გერმანიაში 63.4%-ით გაიზარდა. ბაზარზე მათი წილი, ჯერ-ჯერობით, მაინც მცირეა, თუმცა თუ შარშან 7% იყო, ახლა ამ რიცხვმა 9.1%-ს მიაღწია.

ბენზინზე მომუშავე ავტომობილები ბაზრის 27.4%-ს მაინც იკავებენ, თუმცა ეს რიცხვი შარშან 34%-ს შეადგენდა. დიზელის ვითარება კი კიდევ უფრო საგანგაშია და 1 წელიწადში 24.5%-დან 9.2%-მდე შემცირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები