კონცეპტი, Skoda, შკოდა, შკოდა 100, Skoda 100
Aa
Aa

ნახეთ, როგორ წარმოუდგენია Skoda-ს მომავლის სედანი

Skoda-მ არაერთი ციფრული ანონსი წარმოადგინა, რომელთა ინსპირაციაც წარსულის ლეგენდარული მოდელები გახდა. მათ შორის ყველაზე საინტერესოდ კი გამოიყურება Skoda 100-ით ინსპირირებული კონცეპტი, რომელიც ძალიან ლამაზია. Skoda 100 ჩეხური ავტომწარმოებლის პირველი „მილიონიანი“ მოდელია — 1969-1977 წლებში შკოდამ 1079708 ცალი 100 აწარმოა. 

ლეგენდარული მოდელის თანამედროვე რეინკარნაციის დიზაინი მარტინ პაკლტმა შექმნა, კომპანიის დიზაინის გუნდის წევრმა, რომელიც არაერთი კონცეპტ-ქარისა (Vision X, 7S და O) და წარმოებული მოდელის (Enyaq, Karoq, Kamiq და Kodiaq) შექმნაში იღებდა მონაწილეობას. 

დიზაინერმა ამ კონკრეტული მოდელის არჩევანი მისი უნიკალური, სოლიდური და „უბერებელი“ დიზაინით ახსნა. მოდელი გაბარიტებით ამჟამინდელ Skoda Superb-ს მოგვაგონებს, თუმცა პაკლტის განცხადებით, მას სურდა, მანქანისთვის, წინაპრისგან განსხვავებით, მეტად მდიდრული, ლიმუზინის მსგავსი ხასიათი მიეცა. შეიძლება იფიქროთ, რა საერთო აქვს ძველ მოდელთან ამ კონკრეტულსო, თუმცა თუ კარგად დააკვირდებით, არაერთ მსგავსებას შეამჩნევთ: გაგრილების შემშვები უკანა ფრთებზე, უკანა ფრთების ქვეშ არსებული სავენტილაციო ხვრელები და ა.შ.


მომავლის Skoda 100 აღჭურვილია საკმაოდ დიდი დიამეტრის მქონე, ფუტურისტული დიზაინის დისკებით, რომელიც ავტომობილის დიზაინს შესანიშნავად ეხამება. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ყველაზე საინტერესო ალბათ მაინც ავტომობილის უკანა მხარეა, რომელზეც უკანა საქარე მინას საერთოდ ვერ ნახავთ — ეს თანამედროვე კონცეპტ-ქარებში ძალიან ხშირია.

რა თქმა უნდა, დიზაინერთა ხედვებში მომავლის მოდელი სრულად ელექტროდაა ჩაფიქრებული, თუმცა უკანა ამძრავობის ერთგულად მაინც რჩება. შესაბამისად, შემშვები ნახვრეტები EV კომპონენტების გაგრილებას მოემსახურება და არა ტრადიციულ შიგაწვის ძრავას.

ამ კონკრეტულ სედანთან ერთად, შკოდამ 110R და 1000 MBX კუპეები, ჰეჩბექი Favorit და პიკაპი Felicia Fun წარადგინა. რა თქმა უნდა, მთელი ეს ხაზი წარმოებისთვის შექმნილი არ არის, თუმცა ჩეხური ბრენდის დიზაინერებს აძლევს თავისუფლებას, რათა წარსული შეისწავლონ და, სურვილისამებრ, გააცოცხლონ კიდეც. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები