Tesla, ელექტრომობილი, Xiaomi, ტესლა, სიაომი, Xiaomi YU7
Aa
Aa

ნახეთ, როგორი ელექტრომობილია Xiaomi YU7, რომელმაც ჩინეთში Tesla-ს აჯობა

Xiaomi YU7-მა ჩინეთში მომხმარებელთა სიმპათიები მალე დაიმსახურა. გამოშვებიდან სულ რამდენიმე თვეში, ელექტრო SUV-მა შეძლო და (მიმდინარე წლის ოქტომბერში) გაყიდვებით Tesla Model Y-ს გადაასწრო. ამჟამად, ელექტრომობილების მოყვარულები ელიან, რომ ჩინური კომპანია თავის ახალ პროდუქტს საშინაო ბაზრის გარეთაც გაიყვანს. 

გასულ თვეში, Xiaomi-მ ჩინეთში საკმაოდ შთამბეჭდავი, 48654 ავტომობილი გაყიდა. მათგან 33662 სწორედ ახალი YU7 იყო, რის საპირისპიროდაც ამავე ბაზარზე Tesla-მ მხოლოდ 26100 Model Y-ის გაყიდვა შეძლო. საინტერესოა ისიც, რომ ივლისში გამოშვების შემდეგ, Xiaomi-მ მომხმარებლებს 70 000 YU7 მიაწოდა, რაც ახლად გაშვებული მოდელისთვის ძალიან კარგი სტარტია. 

გარდა იმისა, რომ SUV-ის გაყიდვები მშვენივრად მიმდინარეობს, ჩინურმა მწარმოებელმა გუანჭოუს ავტოშოუზე ძალიან საინტერესო პროექტი წარმოადგინა — კასტომიზაციის სერვისი, რომელიც პორშეს Paint to Sample (PTS) პროგრამას წააგავს. მომხმარებელს შეეძლება YU7-ის შეძენისას არჩევანი 100-ზე მეტ ფერს შორის გააკეთოს, ნაცვლად რამდენიმე სტანდარტული ფერისა, როგორც ამას არაერთი ავტომწარმოებელი აკეთებს. 

ფერის არჩევის სერვისით სარგებლობა, საშუალოდ, 1500$ (11000 იუანი) ეღირება. გარდა ამისა, მომხმარებელი თავად შეარჩევს დისკებს და მუხრუჭის სუპორტების ფერებსაც. ექსტრავაგანტული გემოვნების მქონე მომხმარებლისთვის, Xiaomi წარმოადგენს 24-კარატიანი ოქროს ემბლემასა და წარწერებსაც. 

რაც შეეხება YU7-ის ტექნიკურ მხარეს, ერთძრავიანი, 96.3 კვტ.სთ-იანი ბატარეით აღჭურვილი ვერსია 315 ცხენის ძალასა და 389 ნიუტონ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს, ხოლო ორი ელექტროძრავის მქონე YU7-ს 681 ცხენის ძალის გამომუშავებაც შეეძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები