ჰიპერქარი, კოლექცია, კრიშტიანუ რონალდუ, ბუგატი შირონი, მაკლარენ სენა, პორშე 911 ტურბო ესი, როლს-როის კულინანი
Aa
Aa

რატომ არ მართავს კრიშტიანუ რონალდუ თავის მრავალმილიონიან სუპერქარებს?

ალბათ ავტომოყვარულებისთვის რთულად წარმოსადგენია, ფარეხში მაღალი წარმადობის, ძვირად ღირებულ და ექსკლუზიურ სუპერქარებს ინახავდე და მათი მართვის სიამოვნებით ყოველდღე არ ტკბებოდე. თუმცა პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს შემთხვევაში, ყველაფერი რადიკალურად განსხვავებულია. ის გადაადგილებისთვის თავის ავტომობილებს თითქმის არ იყენებს და უფრო მეტიც, ის თავის კოლექციას ინვესტიციას უწოდებს.

ამის შესახებ რონალდუმ ერთ-ერთ პოდკასტში ისაუბრა. ინტერვიუს დროს პორტუგალიელმა თქვა, რომ მისი ძვირად ღირებული სუპერქარები მართვით მიღებული სიამოვნებისთვის ნაკლებადაა განკუთვნილი. ეს მოდელები რონალდუსთვის აქტივების ღირებულების გაზრდის შესაძლებლობაა.

„სამი კვირის წინ ავტომობილი შევიძინე. ის კოლექციისთვისაა. თითქოს ჩარჩოს ყიდულობ. მე ამ მანქანით გადაადგილებას არ ვაპირებ. ეს უფრო ინვესტიციაა“, - განაცხადა რონალდუმ.

თუმცა ნამდვილი ავტომოყვარულებისთვის, ფეხბურთელის განცხადება დანაშაულადაც კი აღიქმება. საკმაოდ რთული წარმოსადგენია, რომ გყავდეს შიგა წვის ძრავის მქონე Bugatti და ის უბრალოდ, ავტოფარეხში ხელუხლებლად დატოვო. მაგრამ რონალდუსთვის ეს ინვესტიციაა, რომელიც საკმაოდ დიდ მოგებასაც მოიტანს.

ალბათ გახსოვთ ისიც, რომ პორტუგალიელს თავისი ავტომობილების რაოდენობაც კი აერია და კითხვაზე, თუ რამდენი მანქანა ჰყავს „არ ვიცი, ალბათ დაახლოებით 40“ უპასუხა. მაგრამ ესეც არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან რონალდუმ აღიარა, რომ მანქანები მისთვის გატაცება აღარაა.

ახლა კი, კრიშტიანუ რონალდუს კოლექციაში არაერთი ძვირად ღირებული სუპერქარი (ან ინვესტიცია) ინახება, რომელთა შორისაა: Porsche 911 Turbo S, Rolls-Royce Cullinan-ი, Bugatti Chiron-ი, Brabus G65, McLaren Senna, Ferrari 599 GTO, Ferrari Monza SP1, Chevrolet Camaro ZL1 და სხვა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები