Ford, Ford Mustang, უკან გაწვევა, Ford Escape Hybrid, ფორდი, ლინკოლნი
Aa
Aa

Ford 2025 წელს, ტრადიციულად, მოდელების უკან გაწვევით დახურავს...

ავტომწარმოებელთა უმრავლესობა წლის ბოლოს, როგორც წესი, ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ავტომობილი გაყიდოს და ამისათვის სპეციალურ აქციებსაც აანონსებენ. როგორც ჩანს, Ford ასე არ ფიქრობს და „რეკორდის“ დამყარებას სხვა მიმართულებით ცდილობს. დიახ, ამერიკული ავტომწარმოებლის გაწვევებს ახალი მოდელები დეკემბერშიც დაემატება!

ყველაზე მასშტაბური უკან გაწვევა 2020-2022 წლებისა და 2025 წლის Ford Escape-ს შეეხება — ლურჯი ოვალი უკან 108762 ესქეიფს გაიწვევს. მიზეზი, ცოტა არ იყოს, სასაცილოა — უკანა ასაწევი კარის ანჯამის საფარები საკმარისად კარგად არ არის დამაგრებული და, შესაძლოა, მართვის პროცესში მანქანას მოსძვრეს. 

კომპანიის განცხადებით, დილერები შეამოწმებენ გაწვეულ მოდელებს, საჭიროების შემთხვევაში კი დახარვეზებულ ნაწილებს აბსოლუტურად უსასყიდლოდ გამოცვლიან. ეს საკმაოდ მარტივად მოსაგვარებელი პრობლემაა, თუმცა დრო, რომელსაც ის დაემთხვა, საუკეთესო ნამდვილად არ არის. 

აღნიშნულ Escape-ებს მარტო არ დატოვებენ 2016-2019 წლების Lincoln MKT-ები. გაწვეყულ 11852 სპორტულ უნივერსალს წინა ცენტრალური დგარის პლასტმასის ზესადებების პრობლემა აქვს, რომელიც როგორც ეს Escape-ის შემთხვევაშია მოსალოდნელი, შესაძლოა, ავტომობილს მართვის პროცესში მოსძვრეს.

და, ბოლოს, ეს ყველაფერი არ არის. კიდევ ერთი, მიკროსკოპული ზომის გაწვევა 4 სხვადასხვა მოდელის (2026 Explorer, 2026 Mustang, 2026 Lincoln Corsair, 2025 Maverick) 6 ავტომობილს შეეხება. ამ მანქანებში ხარვეზიანი ცილინდრი ზეთის დაღვრას იწვევს. 

უკან გაწვევების მაჩვენებლით, 2025 წელს ამერიკული ავტომწარმოებელი უბრალოდ შეუდარებელია. მიმდინარე წელს „ლურჯმა ოვალმა“ ჯამურად 140 გაწვევა გამოაცხადა. გარდა მომხმარებელთა ნდობის კარგვისა, ამ სიხშირით მოდელების გამოწვევა და შეკეთება Ford-ს ძალიან ძვირი უჯდება, შესაბამისად, სამომავლოდ მწარმოებელი ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გვპირდება. 

მსგავსი სიახლეები