გინესის მსოფლიო რეკორდი, ელექტრომობილები, ჩინური, Zeekr 001, GAC, Hyptec SSR
Aa
Aa

ჩინურმა ელექტრომობილმა სწრაფი დრიფტის ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ჩინურმა სპორტქარმა სწრაფი დრიფტის ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა — თუმცა, სანამ შეცდომაში შეგიყვანთ, დაგიზუსტებთ — მხოლოდ ელექტრომობილებს შორის. ისე, აბსოლუტური რეკორდი 2016 წელს მოდიფიცირებული Nissan GT-R-ით იაპონელმა მრბოლელმა, მასატო კავაბატამ დაამყარა, როცა დრიფტი, დაახლოებით, 305 კმ/სთ სიჩქარით შეასრულა. 

GAC Hyptec SSR-მა ანალოგიური შედარებით მოკრძალებული, თუმცა მაინც ძალიან შთამბეჭდავი 214 კმ/სთ-ით გადადგილებისას შეძლო. გაკონტროლებული სრიალი 50-მეტრიან დისტანციაზე გრძელდებოდა. რეკორდი აქამდე სხვა ჩინური ავტომწარმოებლის, Zeekr-ის მიერ შექმნილ Zeekr 001-ს ეკუთვნოდა, რომელმაც 2022 წლის აგვისტოში აღნიშნული 208 კმ/სიჩქარეზე შეძლო. 

Hyptec SSR პირველი ელექტრო სუპერქარია, რომელიც ჩინურმა კომპანიამ სერიულ წარმოებაში ჩაუშვა — მანქანას 3 ელექტროძრავა აქვს და, დაახლოებით, 1224 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Hytpec SSR-ს 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება სულ რაღაც 1.9 წამში შეუძლია, თუმცა მაქსიმალური სიჩქარე შედარებით მოკრძალებული 250 კმ/სთ-ია.

ჩინელ მრბოლელ იე ჭიჩენგს რეკორდის დასამყარებლად მაღალ სიჩქარეზე მინიმუმ 30-გრადუსიანი კუთხით მოცურებული მანქანა უნდა გაეკონტროლებინა გარკვეული მანძილის განმავლობაში ტრაექტორიის გასწორების ან ავტომობილის დაზიანების გარეშე, რაც შეძლო და პროცესში ასაფრენი ბილიკის მთელი პერიმეტრი კვამლში გაჰხვია.

SSR აღჭურვილია მაღალი ვოლტაჟის ბატარეების სისტემითა და დამატებითი გაგრილებით, რაც უზრუნველყოფს, რომ მაქსიმალური დატვირთვისას ავტომობილს გადახურების პრობლემა არ შეექმნას — ეს EV-ის პერფორმანსს ყველაზე ხშირად აქვეითებს ხოლმე. 

პერფორმანსზე გათვლილი ჩინური ელექტრომობილები გაყიდვებისა და წარმოების მიმართულებით რეიტინგების სათავეებისკენ ისედაც მიიწევდნენ, თუმცა ეს რეკორდი საერთოდ ახალი სიმაღლეა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩინეთის ამბიციას, რომ ელექტრომობილების ბაზარი უპირობოდ დაიპყროს... 

ახლა კი, იხილეთ რეკორდის ვიდეო:

მსგავსი სიახლეები