მომავლის „კლასიკები“ | ავტომობილები, რომელთაც მომავალში „კლასიკებად“ მოიხსენიებენ
რა აქცევს ავტომობილს კლასიკად? რა თქმა უნდა, წარმადობა, დიზაინი და იშვიათობა - ეს ყველაფერი თავის როლს ასრულებს. თუმცა იმის პროგნოზირება, ჩვენი საყვარელი ავტომობილებიდან რომელიმე მოდელი სამომავლოდ „კლასიკის სტატუსს“ მიაღწევს, არც ისე მარტივია. საბედნიეროდ, Hagerty ამას წლებია აკეთებს და ცოტა ხნის წინ, Bull Market List-ის ახალი ანგარიშიც წარმოგვიდგინა.
გასული წლების მსგავსად, Hagerty-მ 10 შედარებით ხელმისაწვდომი ავტომობილი შეარჩია, რომელთაც მომავლის კლასიკად ქცევის პოტენციალი აქვთ. ამერიკული კომპანიის პროგნოზით, სამომავლოდ, ამ მოდელების ღირებულებამ შესაძლოა შვიდნიშნა შეფასებებმაც კი მიაღწიოს. Hagerty-ის 2025 წლის Bull Market List სპორტქარებთან ერთად, მდიდრულ სედანებს, პიკაპებს და ჰეჩბეკსაც კი მოიცავს.

აქვე Hagerty-ის გასული წლის ფავორიტები, რომ გავიხსენოთ, აუცილებლად უნდა გამოვყოთ რამდენიმე მოდელი, რომელიც „მომავლის კლასიკების სიაში“ მოხვდა. ასეთია თუნდაც E90 M3, ხშირად უგულებელყოფილი Ferrari FF, Lamborghini Diablo და Toyota Supra Turbo.
საინტერესოა, რომ წლევანდელ სიაში მხოლოდ ერთი ამერიკული „მასლ-ქარი“ მოხვდა: ეს 1968–1970 წლების Dodge Charger-ია. თუმცა სიაში სხვა ამერიკულ ავტომობილებსაც ვხვდებით, მათ შორისაა 1990–1993 წლების Chevrolet 454 SS და 1981–1993 წლების Dodge Ramcharger SUV. გამორიცხული არაა, რომ „ამერიკულ კლასიკებზე“ ფიქრისას ეს ავტომობილები ხშირად სულადაც არ გახსენდებათ, თუმცა ორივე, თავისთავად სასურველ პიკაპებს შორისაა.

2025 წლის სიაში ისეთი მოდელებიცაა წარმოდგენილი, რომელთა შესახებაც Gen Z-ის წარმომადგენლებსაც კი სმენიათ. მაგალითად, 1999–2005 წლების Mazda MX-5 NB Miata და 1995–1998 წლების Volkswagen Golf GTI VR6. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შედარებით ხელმისაწვდომი ვარიანტია, Hagerty სამომავლოდ მათი ღირებულების მკვეთრ ზრდას არ გამორიცხავს.

Hagerty-მა არც გერმანული ავტომობილების მოყვარულებს დაწყვიტა გული და „კლასიკებად ქცევისთვის განწირული“ მოდელების წლევანდელ სიაში 2006–2010 წლების BMW M5 - ცნობილი როგორც Bangle M5, 1995-1998 წლების Volkswagen Golf GTI VR6 და 2004-2007 წლების Porsche Carrera GT შეიყვანა.
ბევრი ლაპარაკის გარეშე კი, Bull Market List-ის 2025 წლის სია ასე გამოიყურება:
- 1968–1970 წლების Dodge Charger
- 1999–2005 წლების Mazda MX-5 Miata
- 1956–1957 წლების Continental Mark II
- 1990–1993 წლების Chevrolet 454 SS
- 2006–2013 წლების Chevrolet Corvette Z06
- 1969–1972 წლების Alfa Romeo GTV
- 2006–2010 წლების BMW M5
- 1981–1993 წლების Dodge Ramcharger
- 1995–1998 წლების Nissan Skyline GT-R
- 1995–1998 წლების Volkswagen Golf GTI VR6
- 2004–2007 წლების Porsche Carrera GT