ევროკავშირის რეგულაციებმა ჩინური ავტომობილების გაყიდვები, შემცირების ნაცვლად, გაზარდა | მიზეზი
ევროკავშირის მიერ ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე დაწესებული ტარიფების მიზანი ადგილობრივი ავტომწარმოებლების დაცვა და ჩინელებისათვის ადგილობრივი წარმოების იძულება იყო. როგორც ჩანს, ეს სტრატეგია არ მუშაობს... ჩინური ავტომობილების გაყიდვები არათუ არ იკლებს, არამედ უპრეცედენტოდ მაღალია.
მხოლოდ 2025 წელს, ჩინეთში წარმოებული ავტომობილების გაყიდვები ევროკავშირში, გაერთიანებულ სამეფოსა და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის საზღვრებში 700 000-ს გადააჭარბებს — ეს წინა წლის 408 000-იან მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ აღემატება. არადა, ერთი შეხედვით, ტარიფები 35%-მდეა გაზრდილი, რასაც იმპორტის 10%-იანი გადასახადი ემატება, რომელიც გასული წლის ნოემბერში დაწესდა.
ჰიბრიდული გამოსავალი
მოთხოვნის შემცირების ნაცვლად, ტარიფების დაწესებამ ის უბრალოდ გადაამისამართა... დაწესებული გადასახადები მხოლოდ ელექტრომობილებს ეხება, ხოლო შიგაწვისძრავიან და ჰიბრიდულ მოდელებზე მხოლოდ 10%-იანი საბაზისო ტარიფი მოქმედებს.
შესაბამისად, ჩინური ბრენდები ამ კატეგორიისკენ გადაიხარნენ და ასე ფინანსური ზარალიც აირიდეს თავიდან. წარმოების ბევრად დაბალი ფასის დამსახურებით, ჩინურ ავტომწარმოებლებს არ უდგათ იმის აუცილებლობა, რომ წარმოების ხაზები ევროპაში გადმოიტანონ — ამის ნაცვლად, ისინი უბრალოდ საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ხვრელით სარგებლობენ. ამის დამსახურებით, ევროპაში იმპორტირებული ჩინური ავტომობილების 2/3 მხოლოდ 10%-იან გადასახადს დაექვემდებარა. თუ 2024 წელს ევროპაში გაყიდული ჩინური მანქანების 44% ელექტრომობილი იყო, 2025 წელს ეს რიცხვი 34%-მდე შემცირდა.
ადგილობრივი წარმოება საკმაოდ იშვიათია — ამ მომენტში, ევროპის კონტინენტზე მხოლოდ 20 000 ჩინური ავტომობილი იწარმოება — ამის შეცვლას BYD აპირებს, რომელიც უნგრეთში ააშენებს ქარხანას, სადაც ყოველწლიურად 150 000 ჩინური ავტომობილი აეწყობა. მიუხედავად ამისა, BYD-ის შემთხვევა უფრო გამონაკლისია, ვიდრე კანონზომიერება: არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ „თანამემამულის“ ნაბიჯს სხვა ჩინური კომპანიებიც (ახლო მომავალში) გაიმეორებენ.