ფასები, ბიემვი, პორშე, ბიემვი იქს5, ავტომობილების ფასები, ბიემვი იქს6, ბიემვი იქს3, ბიემვი იქს4, ბიემვი იქს1, ბიემვი იქს2
Aa
Aa

ფასები კვლავ იზრდება | რომელი მწარმოებლები გაზრდიან ავტომობილების ღირებულებას 2026 წლიდან?

უახლოეს მომავალში ახალ ავტომობილებზე ფასების კლებას არ უნდა ველოდოთ. მიმდინარე წელს, ინფლაციისა და ტარიფების გავლენით, სხვადასხვა ტიპის პროდუქციაზე ფასების მატების მომსწრენი უკვე გავხდით. ეს ტენდენცია სავარაუდოდ 2026 წელსაც გაგრძელდება, განსაკუთრებით, მდიდრული ბრენდების პროდუქციაზე. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე ავტომწარმოებელმა ფასების მატება უკვე დააანონსა.

მათ შორისაა ბევრი ავტოენთუზიასტისთვის საყვარელი გერმანული ავტომწარმოებელი BMW. CarsDirect-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრიდან ავტომწარმოებელი ფასების ზრდას რიგ მოდელებზე გეგმავს. მოდელების მიხედვით კი, ფასები 400 აშშ დოლარიდან 1 500 აშშ დოლარამდე გაიზრდება.

თუმცა 2026 წლისთვის დაგეგმილი მატება BMW-ის ყველა მოდელზე გავლენას არ იქონიებს. ბრენდის ამჟამინდელი ელექტრომობილების —  i4, i5, iX და i7 — ფასი უცვლელად შენარჩუნდება. ცვლილება არ შეეხება Alpina XB7-ს, მეშვიდე სერიის, XM-ისა და Z4-ის ფასებს, ასევე ახლად წარდგენილ M2 CS-ს. თუმცა ნაწილი მოდელების შემთხვევაში ზრდა ასე გამოიყურება:

  • BMW X1 — $400-იანი ზრდა
  • BMW X2 — $400-იანი ზრდა
  • BMW X3 — $400-იანი ზრდა
  • BMW M5 — $1 400-იანი ზრდა
  • BMW X6 M Competition — $1 500-იანი ზრდა

ეს BMW-ისთვის ბოლო რამდენიმე თვეში ფასების მატების მეორე ეტაპია. ივლისში კომპანიამ თავისი ახალი 2026 წლის ხაზისთვის ფასები 1.9%-ით გაზარდა, რაც M5 Touring-ის დაახლოებით 2.4-პროცენტიან ზრდას ნიშნავს. ბოლო ეტაპის შედეგად, M5 Touring-ი, გასულ წელთან შედარებით, $3 800-ით მეტი ღირს.

არსებული ტარიფები მნიშვნელოვნად აზარალებს Porsche-საც, რადგან ეს უკანასკნელი ამერიკის შეერთებულ შტატებში, BMW-სთან შედარებით ნაკლებ მოდელს აწყობს. შედეგად, 2026 წლის 2 იანვრიდან, ფასების ზრდა მანაც დაადასტურა. როგორც ავტომწარმოებელი აცხადებს, მათი გადაწყვეტილება „ბაზრის პირობებს“ ეფუძნება, ზრდა კი, გავლენას ბრენდის ავტომობილების უმრავლესობაზე იქონიებს, თუმცა არა ყველაზე.

მოდელების მიხედვით, Porsche ფასებს 1.2%-დან 2.9%-მდე გაზრდის. თუმცა კონკრეტულად რომელ მოდელებს შეეხება მატება ჯერ არ დადასტურებულა. ცნობისთვის, BMW-ის მსგავსად, ეს ბოლო თვეებში Porsche-ს ფასების მესამე მატებაა. ბოლოს ავტომწარმოებელმა ფასები ივლისში 2.3-დან 3.6 პროცენტამდე გაზარდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები