Maserati ოთხცილინდრიან ძრავაზე უარს ამბობს და Grecale-ს V6-ით აღჭურვავს
Maserati-ს უხსოვარი დროიდან მდიდრული და პერფორმანსზე ორიენტირებული ბრენდის სახელი აქვს — სწორედ ამიტომ, როცა Grecale SUV 4-ცილინდრიანი ძრავით გამოჩნდა, იტალიური ავტომწარმოებლის გულშემატკივრები მაინცდამაინც ბედნიერები არ ყოფილან. მართალია, ამ ვარიანტმა დღემდე მოღწევა შეძლო, თუმცა კომპანიის განცხადებით, მისი დრო ამოიწურა.
2026 წლიდან Maserati საბოლოოდ წყვეტს Grecale-ში 2.0-ლიტრიანი, ტურბოჩაბერვის მქონე, 4-ცილინდრიანი ძრავების გამოყენებას. მის ადგილს კი სპორტქარისთვის უფრო მეტად შესაფერისი ძრავა დაიკავებს.
Grecale-ში აქამდე ოთხცილინდრიანი ძრავის 2 ვერსია იყო ხელმისაწვდომი, რომლებიც, შესაბამისად, 296 და 325 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებდნენ. Maserati-მ ის ჯერ ცენტრალურძრავიან MC20-ში ჩაანაცვლა 3.0-ლიტრიანი, ორტურბინიანი V6-ით, ახლა კი SUV-ის ჯერი მოვიდა.
MC20-ში V6 621 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს — Grecale-ში სიმძლავრე შედარებით ნაკლები, 385 ცხენის ძალა იქნება. მიუხედავად ამისა, ეს მაინც პროგრესია. შენარჩუნდება პერფორმანსზე ორიენტირებული Trofeo ვერსიაც, რომელიც 523 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. 
საინტერესოა, რომ 60 ცხენის ძალის მატების მიუხედავად, Maserati-ს განცხადებით, V6-ით აღჭურვილი Grecale 100 კმ/სთ-ს ოთხცილინდრიანის მსგავსად, 5 წამში ავითარებს. მიუხედავად ამისა, გაზრდილია მაქსიმალური სიჩქარე და 260კმ/სთ-ს შეადგენს — შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სიმძლავრეებში განსხვავება მაღალ სიჩქარეზე უფრო იგრძნობა.
ფასები?
Maserati-ს განცხადებით, 2026 წლის გრეკალე, მიწოდების ხარჯების მიღმა, 86500$ ეღირება. აღსანიშნავია, რომ ეს 2025 წლის Grecale Modena-ს ფასია — შეიძლება ითქვას, რომ იტალიური ბრენდის გულშემატკივრები ანალოგიურ ფასში უკეთეს ავტომობილს მიიღებენ. 
კომპანია გააგრძელებს სრულად ელექტრო Folgore ვერსიის გაყიდვასაც. ელექტრომობილი 121290$ ღირს და 550 ცხ.ძ-ს, ასევე 820 ნიუტონს გამოიმუშავებს. ერთი დამუხტვით ეს მოდელი 450 კილომეტრს გაივლის.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ხანგრძლივი პრობლემების შემდეგ, მაზერატისგან რაღაც კარგიც გავიგეთ...