Mercedes-Benz, ავტოდიზაინერები, გორდენ ვაგენერი, ავტოინდუსტრია
Aa
Aa

Mercedes-Benz-ს მთავარი დიზაინერი, გორდენ ვაგენერი, დატოვებს

საავტომობილო სამყაროში რამდენიმე დღეა ყურადღების ცენტრში Jaguar Land Rover და ჯერი მაკგოვერნი არიან, თუმცა ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ავტომოყვარულების ყურადღებას მოიპარავს — ოფიციალურად, 2026 წლის 31 იანვარს Mercedes-Benz-ს მთავარი დიზაინერი, გორდენ ვაგენერი დატოვებს. 

გერმანული ავტომწარმოებლის განცხადებით, წასვლა თავად ვაგენერმა მოითხოვა და მხარეებმა ერთობლივ შეთანხმებას მიაღწიეს — შეთანხმების დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ 30-წლიანი ურთიერთობა დასასრულს უახლოვდება.

ვაგენერი მერსედესს 1997 წელს შეუერთდა და აღიარება SLR McLaren-ის დიზაინის შექმნით მოიპოვა. გარდა ამისა, მისი შექმნილია A-Class-ის (W176), S-Class-ისა (W222) და სხვა არაერთი პოპულარული მოდელის დიზაინები — თავდაპირველი წარმატების შემდეგ, 2008 წელს ვაგენერი გერმანული ბრენდის მთავარ დიზაინერად დაინიშნა. 

აღსანიშნავია მისი მონაწილეობა პირველი თაობის AMG GT-ისა (C190) და ბოლო SL-ის (R232) შექმნაში. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ „ის მუდმივად ავითარებდა Mercedes-Benz-ის, AMG-ის, Maybach-ის, G-Class-ისა და Smart-ის ბრენდებს“. თუმცა, ეს მხოლოდ აისბერგის წვერია — ვაგენერის სტილს არაერთი ვერტმფრენი, მდიდრული იახტა და ცათამბრჯენი(ც კი!) დაეფუძნა. 

როგორც წესი, ამდენწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, მემკვიდრეობა უნაკლო არასდროსაა ხოლმე, თუმცა ეს სხვა შემთხვევაა — გორდენ ვაგენერის ხელწერას კიდევ არაერთ მომავალ მოდელში ვიხილავთ. 

„გორდენ ვაგენერმა ჩვენი ბრენდების იდენტობა თავისი დიზაინის უნიკალური ფილოსოფიით განსაზღვრა... წლების განმავლობაში, მან გადამწყვეტი წვლილი შეიტანა იმაში, რომ  ჩვენი ინოვაციური პროდუქტები მსოფლიოში უნიკალური ესთეტიკის სინონიმებად ქცეულიყო. მისმა კრეატიულობამ და საავტომობილო დიზაინის მომავლის ხედვებმა Mercedes-Benz ძალიან გაამდიდრა და მსურს, გორდენს ამ მონდომებისთვის, გამორჩეული შრომისა და დიდი გავლენისთვის მადლობა გადავუხადო და მომავალშიც ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო“ — განაცხადა მერსედესის თავმჯდომარემ, ოლა კალენიუსმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები