Rolls-Royce, როლს-როისი, ტიუნინგი, Rolls-Royce Dawn, Venuum
Aa
Aa

Venuum-მა Rolls-Royce Dawn წარმატებით დაამახინჯა — იხილეთ მოდიფიცირებული მოდელი

დუბაიში ბაზირებულმა კომპანია Venuum-მა, რომელიც ავტომობილების ინდივიდუალური მოდიფიკაციითაა (ე.წ ტიუნინგით) დაკავებული, ამჯერად ზემდიდრულ სფეროში შეაბიჯა და Rolls-Royce Dawn-ის დატიუნინგება გადაწყვიტა.

წლის დასაწყისში კომპანიამ Wraith-ის უნიკალური დიზაინიც წარადგინა. თუ ოდესმე გსურდათ, რომ თქვენი ექვსნიშნა რიცხვად შეძენილი ავტომობილი 2008 წლის Need for Speed-ის ავტომობილს დამსგავსებოდა — Venuum-მა მოგისმინათ. 

კონცეპტი Temu-დან გამოწერილ Rolls-Royce-ს ჰგავს, თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ, ის ინდივიდუალურია და თუ თქვენ აღნიშნული ტიუნინგი მოგწონთ, ეს თქვენი პრობლემაა... 

რა არის შეცვლილი?

ყველაზე აშკარა ცვლილებას ავტომობილის ანფასშივე ვხედავთ. Venuum-მა Wraith-ის ლეგენდარული ცხაურა პლასტმასის თეთრი ნაგლეჯით შეცვალა, რომელსაც სამკუთხა ნახვრეტები „ამშვენებს“ — ამ გეომეტრიული მიგნებითვეა შთაგონებული ჰაერის შემშვებები. 

რა თქმა უნდა, კომპანია ცხაურასთან არ შეჩერებულა. ბამპერზე ნისლის საწინააღმდეგო მრგვალ პროჟექტორებს ვხედავთ, ხოლო მოჭუტული თვალების მსგავს ფარებს ძარას ტიუნინგ-პაკეტი ნაწილობრივ ფარავს. თეთრადაა შეღებილი Spirit of Ecstasy-ც, ბრიტანული კომპანიის ლეგენდარული სიმბოლო, ხოლო თავად კომპანიის ლოგო ნარინჯისფერშია გადაწყვეტილი. 

ტიუნინგი გრძელდება მოდელის გვერდებზეც — Venuum-მა შეცვალა ავტომობილის წინა და უკანა ფრთები, რითაც Dawn-ის სილუეტი ოდნავ დააგრძელა. ამერიკულ კომპანია Creative Bespoke-თან პარტნიორობით, ტიუნერებმა შექმნეს ავტომობილის დისკებიც, რომელთა ვიზუალიც ვინტაჟური აეროდინამიკური დისკებისას გვაგონებს. თუ გეგონათ, რომ ეს მოდიფიკაცია უფრო უცნაური ვერ გახდებოდა, ძალიან ცდებით — ტიუნინგ ფირმამ მოდელის უკანა მხარე სრულად შეცვალა — ახლა აქ ვხვდებით ძალიან ვიწრო უკანა ფარებს, LED განათების უწყვეტ ზოლს, უფრო დაბლა განლაგებულ ბამპერს აგრესიული დიფუზორითა და არაორიგინალური გამოსაბოლქვი მილებით. 

ავტომობილის მთელი ძარა ხაოიანი თეთრი საღებავითაა დაფარული. რაც შეეხება ინტერიერს, ღია ფერის თემატიკა აქაც გრძელდება — მთელი სალონი, ფაქტობრივად, თეთრი და ნარინჯისფერი ტყავის კონტრასტია — თუ ექსტერიერი არ აღგვაფრთოვანებს, ინტერიერს ნამდვილად არაფერი დაეწუნება.

(საბედნიეროდ) აღნიშნული მოდიფიკაცია შეზღუდული გამოშვებაა და მხოლოდ 25 ერთეული იარსებებს, რაც კრიტიკულად ამცირებს იმის შანსს, რომ ოდესმე მას ტრასაზე გადაეყრებით. 

მსგავსი სიახლეები