პიკაპი, Dodge, SUV, Ram, ტიმ კუნისკისი
Aa
Aa

Ram-ი Dodge-ის ორ ლეგენდარულ მოდელს გააცოცხლებს

მიმდინარე წლის დასაწყისში, Stellantis-მა წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც კომპანია აშშ-ში 13 მილიარდი დოლარის ინვესტიციას აპირებდა. აღნიშნული თანხა უნდა მოხმარებოდა არაერთ ახალ პროექტსა და მოდელს, მათ შორის კი სიახლე სრულგაბარიტიანი SUV-ია, რომელიც მიჩიგანში არსებულ სატვირთოების ქარხანაში აიწყობა. 

თავდაპირველად დეტალებს კომპანია ძალიან უფრთხილდებოდა, თუმცა აღმასრულებელი დირექტორის, ანტონიო ფილოსას განცხადებით, ეს Ram-ის მოდელი იქნება. წარმოება 2028 წელს დაიწყება და დადასტურდა ისიც, რომ მომხმარებელი შიგაწვისძრავიან SUV-ს მიიღებს.

Ram-ის CEO-მ, ტიმ კუნისკისმა, გადაკვრით ახსენა, რომ შესაძლოა, ახალ სპორტულ უნივერსალს Ramcharger ეწოდოს. შესაძლოა არ გახსოვდეთ, თუმცა ეს ერთხელ უკვე არსებული მოდელის „გაცოცხლება“ იქნება — Dodge Ramcharger 1974-1993 წლებში იწარმოებოდა და Ford Bronco-სა და Chevrolet K5-ის მთავარი კონკურენტი იყო.

ვინაიდან Ramcharger ქარხანაში Jeep Grand Wagoneer-თან ერთად უნდა აეწყოს, თავისუფლად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მასში 3.0-ლიტრიან, ორტურბინიან, ექვსცილინდრიან ერთრიგა ძრავას მოათავსებენ, რომელიც 420 ცხ.ძ-სა და 635 ნიუტონს გამოიმუშავებს. დიდი ალბათობით, ვიხილავთ კიდევ ერთ ვერსიას, რომელიც ორი ელექტროძრავით, 92 კვ.სთ-იანი ბატარეითა და 3.6-ლიტრიანი Pentastar V6 ძრავით იქნება აღჭურვილი. აღნიშნული კონფიგურაცია Grand Wagoneer REEV-ს საშუალებას აძლევს, 647 ცხ.ძ და 840 ნიუტონი გამოიმუშავოს. SUV ამ საკმაოდ შთამბეჭდავი მონაცემების დამსახურებით, 100 კმ/სთ-მდე 5 წამში ჩქარდება. 


კუნისკისმა დაადასტურა საშუალოგაბარიტიანი პიკაპის დაბრუნებაც, რომელსაც Dakota-ს უწოდებენ. ამ სეგმენტის მოყვარულებს ეცოდინებათ, რომ Dodge Dakota საკმაოდ პოპულარული პიკაპი იყო, რომელიც 1986-2011 წლებში იწარმოებოდა. ჯერჯერობით ამ მოდელზე ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა კუნისკისის თქმით, ის მეტად ბიუჯეტური იქნება და პიკაპის ფასი 40 000$-იან ნიშნულს ჩამოცდება. 

მსგავსი სიახლეები