გაერთიანებულ სამეფოში ორმა მამაკაცმა 10-თვიან შუალედში 25 Porsche მოიპარა
„გატაცება 60 წამში“ ნიკოლას ქეიჯით მთავარ როლში, ალბათ, ყველა ავტომოყვარულს გინახავთ... ათი თვის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში, მანჩესტერის რეგიონში, 2-მა კაცმა ამ ფილმის სიუჟეტი არც მეტი, არც ნაკლები, 25-ჯერ გაიმეორა. თუმცა, ეს ლეგენდარულ ისტორიად არ შემორჩება, რადგან ორივე მათგანი, საბოლოოდ, ციხეში აღმოჩნდა...
ორი იმიგრანტი, ეიდმანტას სადაუსკასი და ვიტაუტას ცეპონისი ავტომობილების უსაფრთხოების სისტემებს წარმატებით „აუვნებლებდა“, იპარავდა მანქანას და განახლებული ნომრებით თავიდან არეგისტრირებდა. კრიმინალური სერია იანვარში დაიწყო და ოქტომბერში დასრულდა. 
სამართალდამცავების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 25-ვე ავტომობილი პორშე იყო და მათი ჯამური ღირებულება 1.35 მილიონ დოლარს შეადგენდა — ეს თითო ავტომობილზე 54 000$-ს ნიშნავს. შესაბამისად, დიდი ალბათობით, გამტაცებლები Porsche 911-ისა და სხვა ძვირადღირებული მოდელებისგან თავს შორს იჭერდნენ და მეტად Macan-ებზე, Cayenne-ებსა და საბაზისო კომპლექტაციის Panamera-ებზე ნადირობდნენ. 
გამოძიება და სასჯელი
პოლიციამ საქმე მარტივად და რუტინულად გამოიძია — შესაბამისად, არავითარი მძაფრსიუჟეტიანი დევნა არ გვინახავს. უბრალოდ, მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ მძარცველთა ეს კონკრეტული ჯგუფი მხოლოდ Porsche-ებზე ნადირობდა, ერთ მშვენიერ დღეს ჩეშირში გააჩერეს ამავე მარკის ავტომობილი, რომელიც ერთ-ერთი წინა ძარცვის მიდამოებში გამოჩნდა... სადაუსკასისა და ცეპნიოსის ავტომობილში სახრახნისები, ბრტყელტუჩები, საკეტის გასაღებები (ე.წ „ატმიჩკები“) და სხვა ინსტრუმენტები იპოვეს, მოგვიანებით კი საგზაო კამერების ჩანაწერებით აღმოაჩინეს, რომ ორივე მამაკაცი თითოეული ქურდობის არეალში იყო დაფიქსირებული.
დანაშაული ორივე მათგანმა მაშინვე აღიარა და ამან მათი სასჯელის შემსუბუქება გამოიწვია — სადაუსკასი ციხეში 4.5, ხოლო ცეპონისი 4 წელს გაატარებს. მას შემდეგ, პოლიციამ რამდენიმე მოპარულ პორშეს მიაგნო, დანარჩენის მოძიება კი გრძელდება.
რატომ აირჩიეს ავტომობილის ქურდებმა მაინცდამაინც Porsche? იქნებ მთლიანი პორშეც ისეთივე მარტივად მოსაპარია, როგორც ერთ დროს Cayenne-ის ფარები იყო? ამაზე პასუხს, იმედია ოდესმე გავიგებთ.