Honda პერფორმანსზე ორიენტირებულ რამდენიმე მოდელს გამოუშვებს | მოლოდინები
Honda 2026 წლის ტოკიოს ავტოშოუსთვის სერიოზულად ემზადება და კონცეპტებისა და პროტოტიპების მთელი ფლოტი წარადგინა. სიის სათავეში Honda Racing Corporation-ის (HRC) ორი კონცეპტია, რომლებიც Civic Type R-სა და ახალ Prelude-ს ეფუძნებიან. ასევე, თავის წილ ყურადღებას იმსახურებს Civic e:HEV RS-იც, რომელიც ჰიბრიდულ ტექნოლოგიასა და სიჩქარეთა იმიტირებულ გადაცემას აერთიანებს.
Civic e:HEV RS და სხვა კონცეპტები
Civic e:HEV RS-ის პროტოტიპი RS კომპლექტაციას ეფუძნება, რომელიც იაპონიაში გასულ წელს გამოჩნდა. თავდაპირველი ვერსია Civic-ის ჰეჩბექის უფრო სპორტულ ინტერპრეტაციას ჰგავდა — უფრო გამოკვეთილი და აგრესიული შასით, 1.5-ლიტრიანი ტურბინიანი ძრავითა და გადაცემის 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფით. e:HEV RS განსხვავებულ გზას მისდევს — შიგაწვისძრავიანი სისტემა თვითდამუხტვადი ჰიბრიდული სისტემითაა ჩანაცვლებული. ასევე, დამატებულია Honda-ს S+ Shift რეჟიმი, რაც მეტად ჩართული და აქტიური მართვის გამოცდილების შექმნას ისახავს მიზნად — განსაკუთრებით ტრადიციული სიჩქარეთა კოლოფის არარსებობის პირობებში. 
Civic e:HEV RS ჯერ ისევ პროტოტიპია, თუმცა მისი გამოჩენა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ იაპონური ავტომწარმოებელი სერიულად წარმოებაზეც სერიოზულად ფიქრობს. თუ ეს პროექტი დადასტურდება, e:HEV RS მე-2 მოდელი იქნება S+ Shift ტექნოლოგიით (პირველი Prelude იყო). თუ არ იცით, ეს სისტემა RPM-ისა და ძრავის ხმების მანიპულაციით სიჩქარეთა გადართვის იმიტაციას ქმნის.
რაც შეეხება ძალურ აგრეგატს — ის ჰონდას სტანდარტულ ჰიბრიდულ კომბინაციას გამოიყენებს — 2.0-ლიტრიან ძრავას ორი ელექტროძრავით, რომლებიც ჯამში 200 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებენ. კომპანიას ოფიციალური ფოტოები ჯერ არ წარუდგენია, თუმცა, სავარაუდოდ, ვიზუალურად ის ამჟამინდელ RS-ს ემგვანება (იმ განსხვავებით, რომ ამას ორი უკანა გამოსალქვი მილი არ ექნება). 
პერფორმანსის მიმართულებით, HRC დაბრუნდა და ახალი კონცეპტებიც წარმოადგინა. დეტალები არც ამ შემთხვევაშია მაინცდამაინც ცხადი, თუმცა ვარაუდობენ, რომ ახალი კონცეპტები 2024 წელს წარდგენილი Acura Integra Type S HRC-ის პროტოტიპის მსგავსი იქნება. ტოკიოს ავტოშოუზე ვიხილავთ Civic Type R HRC-ს, Prelude HRC-სა და Honda HRC Prelude-GT-ს. ეს უკანასკნელი იაპონიის Super GT სერიებში მიიღებს მონაწილეობას.
ოფიციალურ ანონსში, ჰონდამ 14 შენიღბული ავტომობილი და 2 მოტოციკლი გამოაჩინა, რაც ნიშნავს, რომ იაპონური კომპანიისგან სიურპრიზებსაც უნდა ველოდოთ.
Tokyo Auto Salon 9-11 იანვარს გაიმართება.