აუქციონი, ელექტრომობილები, პორშე ტაიკანი, Porsche Taycan Turbo GT
Aa
Aa

Porsche Taycan Turbo GT-ის ფასი მნიშვნელოვნად მცირდება | მიზეზები

ალბათ, უცნაურად არ მოგეჩვენებათ, თუ გეტყვით, რომ Porsche-ს ექსკლუზიური GT-ის ფასები მხოლოდ იზრდება მას შემდეგ, რაც ეს მანქანები სადილეროებს ტოვებენ. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო 911 GT3 RS-ისა და სხვა ლიმიტირებული, ავტოსპორტით ინსპირირებული მოდელებისთვის.

თუმცა სრულად ელექტრო Taycan Turbo GT ამ ტენდენციას არ მიჰყვება. მიუხედავად მისი მონაცემებისა, როგორც ჩანს, დროის გასვლასთან ერთად ტაიკანის ფასი დრამატულად მცირდება.


საზოგადოდ, ელექტრომობილების გაუფასურების ტემპი შიგაწვისძრავიანი ავტომობილებისაზე ბევრად მაღალია, თუმცა Taycan-ი ამ სტანდარტებსაც კი მნიშვნელოვნად აჭარბებს.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, თითქმის ახალი Taycan Turbo GT აუქციონზე თავდაპირველ ფასზე 82 000$-ით იაფად გაიყიდა... პერფორმანსზე ორიენტირებული სედანი აუქციონზე ნევადაში „მოღვაწე“ დილერმა გაიტანა. აუქციონამდე ამ ავტომობილს კერძო მფლობელი არ ჰყოლია და ოდომეტრიც მხოლოდ 227კმ-ს აჩვენებდა. გარდა ამისა, ელექტრომობილი Weissach კომპლექტაციითაა აღჭურვილი, რომელიც ფიქსირებულ უკანა ფრთას, უფრო მეტ ნახშირბადის ბოჭკოს ნაწილსა და მხოლოდ 2 სავარძელს მოიცავს — შესაბამისად, უფრო სპორტული, მსუბუქი და სწრაფია. 

ახალი Taycan Turbo GT-ის ფასი 238 300$-ია, რასაც დამატებითი კომპლექტაციის 10 000$ ემატება. მიუხედავად ამისა, Shade Green Metallic ფერში გადაწყვეტილი სპორტქარი მხოლოდ 167 000$-ად გაიყიდა. ახლა აუქციონში გამარჯვებულმა უნდა გადაწყვიტოს, გადაიხდის თუ არა ამ ფასს თითქმის ახალ ტაიკანში. სულაც უარი რომ თქვას, დასკვნების გამოტანა მაინც შეგვიძლია — გაუფასურების მაჩვენებელი საზარელია. 

ფასის ვარდნის ეს მასშტაბი, შესაძლოა, თავად Weissach კომპლექტაციის არაპრაქტიკულობითაც იყოს განპირობებული. მძღოლების უმრავლესობა ასეთ დროს პრაქტიკულ ავტომობილს ეძებს — 2-ადგილიანი Taycan-ი კი ქუჩაზე (ბევრად) მეტად ტრეკს ეკუთვნის. 

მიუხედავად აღნიშნული პრობლემისა, თვალის დახუჭვა Taycan Turbo GT-ის შთამბეჭდავ მონაცემებზე არ გამოვა. მანქანა ორი ელექტროძრავის საშუალებით 1092 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს და 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად, საშუალოდ, 1.89-2.1 წამი სჭირდება — ეს Tesla Model S Plaid-ის, Ferrari SF90 Stradale Assetto Fiorano-სა და Lucid Air Sapphire-ის მონაცემებსაც კი აღემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები