ამ ცეცხლისმფრქვეველ Toyota MR2-ს ვერტმფრენის ტურბინა უყენია!
თუ ფიქრობთ, რომ მოდიფიცირებული ავტომობილების სამყაროში ყველაფერი გინახავთ - ცდებით. ამბავი, რომელსაც ამ სტატიაში მოგიყვებით უბრალოდ სახტად დაგტოვებთ. სურათზე ნაჩვენები SW Toyota MR2 აშშ-ს მოქალაქეს, დასტინ ბრაისს ეკუთვნის, რომლის ჰობიც რეაქტიულ ძრავებთან ჩხირკედელაობაა. მას დიდხანს სურდა საჰაერო ტრანსპორტის ტურბინით დგუშიანი ძრავი დაეტრიალებინა. ასე და ამგვარად, გენიალური იდეაც დაიბადა. 


ბრაისი ვინმე არიფი (აქ ეს სიტყვა უხდებოდა) არ გეგონოთ. ის რეატიული ძრავების მწარმოებელ კომპანიაში მექანიკოსად მუშაობს. ამ საქმიანობამ კი საშუალება მისცა ისეთი ნაწილი ჩაეგდო ხელში, როგორიც, მაგალითად, ვერტმფრენ „ჩინუკის“ ძალოვანი აგრეგატია. ქარხნული (2GT-FE) ძრავის სრულად ჩანაცვლების მაგივრად, დასტინმა გადაწყვიტა ეს ორი დაეწყვილებინა. ვერტმფრენის აღნიშნული ძრავა სინამდვილეში დამხმარე აგრეგატია, რომელიც საფრენი აპარატის კუდშია განთავსებული. თუმცა, მას საკმარისი ძალა აქვს იმისთვის, რომ ჰაერი 6-8 ბარით დაუბეროს.
ეს აგრეგატი საავიაციო საწვავზე მუშაობს, რომლის 27-ლიტრიანი ავზიც მანქანის ცხვირშია განთავსებული. მიუხედავად ამისა, მოქმედია „ინტერქულერიც“. ბრაისის თქმით, გამონაბოლქვი ჰაერის ტემპერატურა 204 გრადუსს სცდება.
View this post on Instagram
ხაზგასასმელია, რომ ეს პროექტი კონცეპტუალურ ეტაპზეა. მიუხედავად ამისა, ტესტირებებმა 2GR-FE-ის გამძლეობა უკვე დაადასტურა. ეს ძრავა ქარხნულ შიგნეულებაზე „ჩინუკის“ დამხმარე აგრეგატის წნევას ჩინებულად უმკლავდება. ისე გეტყვით, რომ ამ აგრეგატის საიმედოობაზე ჩვენს YouTube არხზე წარსულში ვისაუბრეთ და თუ გადახვალთ, უყურებთ და გამოიწერთ ბევრ საინტერესო ამბავსაც გაიგებთ.
სამწუხაროდ, ის თუ რამდენ ცხენის ძალას გამოიმუშავებს ცეცხლისმფრქვეველი MR2 უცნობია. თუმცა, საქმე რომ ნამდვილ მონსტრთან გვაქვს ფაქტია. ბრაისს „ჩინუკისგან“ საჭე და მაჩვენებელთა დაფაც აქვს „ნასესხები“. დიახ, ეს ზუსტად ის მანქანაა, რომლემაც მიზანში არ უნდა ამოგიღოთ.