ფლორიდაში პირველი დრონით მფრინავი პოლიციელები გამოჩნდნენ
დუბაის პოლიცია წლებია წესრიგს ეგზოტიკური სუპერქარების ავტოპარკით იცავს, სადაც Mansory Lamborghini Revuelto-სა და Ferrari FF-საც შეხვდებით. თუმცა, დუბაის პოლიციის დეპარტამენტი ვერ დაიტრაბახებს ისეთი ეგზოტიკით, როგორიც მფრინავი პოლიციის ავტომობილია. აშშ-ში, ფლორიდის პოლიტექნიკურმა უნივერსიტეტმა მფრინავი პოლიციის სატრანსპორტო საშუალება ოფიციალურად წარადგინა.
ეს Jetson One-ია, რომელსაც პოლიციამ მეტსახელად Astro შეარქვა. კალიფორნიული კომპანია Jetson-ის მიერ შექმნილი ეს საფრენი აპარატი $150 000 ღირს და მისი ელექტრო პროპელერების ხმა გაბრაზებული კრაზანების გუნდს მოგაგონებთ. აპარატს შეუძლია ნებისმიერი ზედაპირიდან ვერტიკალურად აფრინდეს და დაჯდეს, ავითარებს დაახლოებით 102 კმ/სთ და შეუძლია ჰაერში დაახლოებით 120 მეტრის სიმაღლეზე იფრინოს.
ერთი დამუხტვით აპარატის ფრენის ხანგრძლივობა სულ რაღაც 20 წუთია, ხოლო მფრინავი პოლიციელის მაქსიმალური წონა 95 კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს. მიუხედავად ასეთი შეზღუდვებისა, უნივერსიტეტის პოლიციას სჯერა, რომ აპარატი გამოდგება კამპუსის მონიტორინგისთვის, საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირებისთვის, ძნელად მისადგომ ადგილებში გასასვლელად, შტორმის შემდგომი სამუშაოებისა და პირველადი დახმარების ნივთების მიწოდებისთვის.
„ჩვენ ყოველთვის ვეძებდით ამ ტექნოლოგიის გამოყენების სცენარებს, რომლებიც უბრალოდ რეკრეაციულ და გასართობ დანიშნულებას გასცდებოდა... გვჯერა, რომ ეს პროექტები უაღრესად მნიშვნელოვანია და სრულად ემთხვევა ჩვენს ხედვას, რის გამოც მას პრიორიტეტი მივანიჭეთ“, — განაცხადა Jetson-ის გენერალურმა დირექტორმა.
კომპანია Jetson-ის განცხადებით, სანამ პოლიციელები Astro-თი პირველად ჰაერში აფრინდებიან, ფლორიდელი სამართალდამცავები სპეციალურ, სრულყოფილ საწვრთნელ კურსს გაივლიან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამ პროექტს სკეპტიკურად უყურებს, პოლიციაში აცხადებენ, რომ ოდესღაც ველოსიპედებს, მოტოციკლებსა და ჩვეულებრივ დრონებსაც უბრალო სათამაშოებად მიიჩნევდნენ, დღეს კი მათ გარეშე პოლიციის მუშაობა წარმოუდგენელია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს