ტოიოტა, ტოიოტა სელიკა, აკიო ტოიოდა, ტოიოტა ემარ2, შუაძრავიანი, ტოკიოს ავტოშოუ
Aa
Aa

აკიო ტოიოდამ შუაძრავიანი მოდელის გამოშვება დააანონსა | Toyota-ს სიურპრიზი

ტოკიოს ავტო სალონამდე რამდენიმე დღით ადრე, Toyota-ს თავმჯდომარემ, აკიო ტოიოდამ შუაძრავიანი, ორსავარძლიანი მოდელის გამოშვება დააანონსა — ტოიოდას მინიშნება ავტომოყვარულებს შორის განხილვის საგნად უკვე იქცა. 

იაპონური ავტომწარმოებლის პერფორმანსზე ორიენტირებულმა Gazoo Racing მიმართულებამ თიზერი გამოაქვეყნა, რომლითაც სპეკულაციები მხოლოდ უფრო გააცხოველა — ავტომობილის სახელი და სილუეტი საიდუმლოდ დარჩა, თუმცა ფანები ვარაუდობენ, რომ Tokyo Auto Salon-ზე MR2-ის დაბრუნებას უნდა ველოდოთ.

სპეკულაციების საფუძველი გახდა ისიც, რომ ცოტა ხნის წინ, ტოიოტამ სახელწოდება „GR MR2-ზე“ პატენტი მოიპოვა. გარდა MR2-ისა, ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება ახალი GR Yaris M-ის კონცეპტიც, რომელიც ტოკიოს ავტო სალონზე გასულ წელს გამოჩნდა. 

აკიო ტოიოდას სიტყვები, რომლებმაც მითქმა-მოთქმა გამოიწვია, Toyota Gazoo Racing-ის X-ის ანგარიშზე გამოქვეყნდა. ვიდეოში ისმის საუბარი თავმჯდომარესა და სტაფის ერთ-ერთ წევრს შორის, რომელშიც ტოიოდა უმხელს თანამშრომელს ინფორმაციას შუაძრავიანი მოდელის ჩანაფიქრის შესახებ. 

თუ არ გახსოვთ, MR2 1984 წლიდან 2007 წლამდე იწარმოებოდა და ამ პერიოდში სამი სხვადასხვა თაობის გამოშვება მოესწრო — სამივე მათგანს შუაში განლაგებული ძრავა და მხოლოდ 2-ადგილიანი სალონი გამოარჩევდა. 

მე-4 თაობის MR2-ის შესახებ სპეკულაციები ჯერ კიდევ 2023 წლის ბოლოს დაიწყო, როცა ავტომწარმოებელმა FT-Se-ს კონცეპტი წარადგინა. საუბრები გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ტოკიოს ავტოშოუზე 2025 წლის დასაწყისში ხსენებული GR Yaris M პროტოტიპი ვიხილეთ — ავტომობილი 2-ლიტრიანი, ტურბოჩაბერვის მქონე, 4-ცილინდრიანი ძრავის ირგვლივ იყო აგებული და სრულად ამძრავიც გახლდათ. ამავე Auto Salon-ზე ინჟინრებმა დაადასტურეს, რომ ეს პროტოტიპი, შესაძლოა, რომელიმე სერიული მოდელის საფუძველი გამხდარიყო. 

ნებისმიერ შემთხვევაში, 9 იანვარი არაერთ სიურპრიზს გვპირდება. მათ შორის, მოსალოდნელია, რომ ვიხილავთ ახალ Celica-საც, რომელსაც ამჯერად შუაში განლაგებული ძრავა ექნება. წარსულში ტოიოტამ არაერთხელ დაადასტურა, რომ რალის ლეგენდარული მოდელი აუცილებლად დაბრუნდებოდა, თუმცა როდის მოხდებოდა ეს, არ ვიცოდით (და ზუსტად არც ახლა ვიცით)...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები