Toyota-მ აშშ-ში 2017 წლის შემდეგ გაყიდვების საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა
Toyota-მ და Lexus-მა 2025 წელი აშშ-ში 8%-იანი ზრდით დახურეს და შტატებში წლის განმავლობაში 2.5 მილიონი ავტომობილის გაყიდვა შეძლეს — თითქოს უცნაური და გასაოცარი არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ აღნიშნული ავტომობილების, დაახლოებით, ნახევარს ერთი რამე აერთიანებს — ელექტრიფიკაცია. გაყიდული ავტომობილების 47% ჰიბრიდი, დამუხტვადი ჰიბრიდი ან სრულად ელექტრომობილი იყო. ეს ნიშნული რამდენიმე წლის წინ, ალბათ, აბსურდულად ჩაითვლებოდა.
ამ სეგმენტში იაპონური ბრენდისა და მისი შვილობილის გაყიდვები 17.6%-ით გაიზარდა და 1.2 მილიონი ერთეული შეადგინა. პრობლემას, რომლის წინაშეც ახლა ეს ავტომწარმოებლები დგანან, ნებისმიერი სხვა ინატრებდა — ჰიბრიდულ მოდელებზე მოთხოვნის დაკმაყოფილება მწარმოებელს ამ ეტაპზე უჭირს. 

ყველაზე „გაპოპულარულებული“ მოდელები მოთხოვნას აქამდეც არ უჩიოდნენ, თუმცა ამჯერად ინტერესმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა — Grand Highlander Hybrid-ის გაყიდვები 165%-ით, ხოლო Tacoma Hybrid-ის 223%-ით გაიზარდა. შედეგად, გაგიკვირდებათ და Toyota-ს 2017-ის შემდეგ საუკეთესო წელი ჰქონდა.
აღსანიშნავია ხსენებული Tacoma-ს წარმატება — ჯამურად, მხოლოდ აშშ-ში მოდელის სხვადასხვა ვარიანტის 274 638 ერთეული გაიყიდა, რაც მისი არსებობის პერიოდში საუკეთესო შედეგია. ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ჰიბრიდული მოდელის გაყიდვები გაუმჯობესდა — მაგალითად, RAV4-ის გაყიდვები 13%-ით შემცირდა. ანალოგიურია Corolla Cross-ის ვითარებაც, რომლის გაყიდვებიც 16%-ით დაეცა. 
რაც შეეხება Lexus-ს, 2025 წელი მისი არსებობის ისტორიაში საუკეთესო იყო, რადგან აშშ-ში, რომელიც მისი მთავარი ბაზარია, ბრენდმა 370 260 ავტომობილი გაყიდა, რაც 7%-იანი ზრდაა. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა TX Hybrid და დამუხტვადი ჰიბრიდული ვერსიები, რომლებმაც, შესაბამისად, 90%-იანი და 123%-იანი ზრდა განიცადეს.
როგორც ჩანს, ტოიოტა ყველაზე წარმატებული იაპონური ავტომწარმოებლის სტატუსის დაკარგვას კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ აპირებს, რასაც პერფორმანსზე ორიენტირებული ავტომობილების გამოშვებით კიდევ უფრო გაამყარებს.
ასევე იხილეთ: აკიო ტოიოდამ შუაძრავიანი მოდელის გამოშვება დააანონსა | Toyota-ს სიურპრიზი