სუპერქარი, ჩინეთი, ბუგატი, ბუგატი შირონი, დრიმი
Aa
Aa

ჩინელებმა Bugatti-ის სტილის სამი სუპერქარი წარადგინეს

ცოტა თუ იფიქრებდა, რომ მტვერსასრუტების მწარმოებელი კომპანია CES-ზე სუპერქარებით წარდგებოდა, თუმცა Dreame-მა ეს უკვე გააკეთა. ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, რომელიც სწორედ მტვერსასრუტების წარმოებითაა ცნობილი, ლოს-ანჯელესში, Consumer Electronics Show-ზე სამი შთამბეჭდავი, მაღალი ხარისხის ავტომობილი წარადგინა. თუმცა სხვადასხვა ბრენდის სახელწოდებით.

როგორც თავდაპირველი ესკიზებიდანაც შევატყობდით, Dreame-მა თავისი სუპერქარებისთვის Bugatti-ის სტილი შეარჩია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩანახატებში Chiron-ის ამოცნობა მარტივი იყო, რეალური სურათი მცირედით განსხვავებული მივიღეთ. 

ეს სამი მოდელი კომპანიამ ახლადშექმნილი ბრენდების, Kosmera-სა და Nebula Next-ის სახელით წარადგინა. პირველი მოდელი, რომელიც Kosmera-ს სახელითაა ცნობილი, კომპანიის მიერ აღწერილია, როგორც სუპერ სპორტქარი. შავი ფერის მოდელის 4-კარიანი კონფიგურაცია მას მაშინვე გამოარჩევს, რასაც განსაკუთრებით ნაცნობი წინა ნაწილი ემატება. კარბონისგან დამზადებული ცხაური Bugatti Mistral-სა და Brouillard-ს წააგავს და თითქმის იმავე სტილს მოდელის მაშუქების განლაგებაც იმეორებს.

Autohome-ის ინფორმაციით, Kosmera-ს სედანი ოთხი ელექტროძრავის საშუალებით მუშაობს, რომელთა საერთო სიმძლავრე 1 903 ცხენის ძალაა. არსებული ცნობებით, ავტომობილი 1 903 კილოგრამს იწონის, რაც სიმეტრიულ 1:1 სიმძლავრისა და წონის თანაფარდობას ქმნის. მაგრამ, ეს ზედმეტად იდეალურად ჟღერს იმისთვის, რომ რეალობა იყოს.

Kosmera-ს მეორე პროდუქტი ბევრად განსხვავებულად გამოიყურება. ესეც სედანია, მუქ იისფერ საღებავში. მიუხედავად იმისა, რომ წინა მხარე აქაც Bugatti-ის არ გვაგონებს, იგივეს ვერ ვიტყვით მოდელის უკანა ნაწილზე, რომელიც Chiron-ის დიზაინს შესამჩნევად იმეორებს. რაც შეეხება შესაძლებლობებს, ამის შესახებ Dreame-ს ჯერ არაფერი გაუმხელია.

ტრიოს მესამე არანაკლებ ღირსეული წევრი კი, Nebula Next 01-ია, ერთადერთი მანქანა, რომელსაც Kosmera-ს ლოგო არ აქვს. მწვანედ შეღებილი მოდელი ყველაზე მეტად წააგავს სუპერქარს. Kosmera-ს ავტომობილი 4-კარიანია და უამრავი კარბონის ნაწილი აქვს, მათ შორის წინა სპლიტერი და უკანა დიფუზორი.  

ადგილობრივი მედია ირწმუნება, რომ Nebula Next 01 იგივე ოთხძრავიანი სისტემითაა აღჭურვილი და 1 903 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ მონაცემების გათვალისწინებით, სუპერქარი 0-დან 100-მდე 1.8 წამში უნდა ჩქარდებოდეს. თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არაა. ისევე, როგორც მოდელების გამოშვების დრო და სხვა დეტალები.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები