აშშ-ის 2025 წლის ყველაზე გაყიდვადი მდიდრული SUV Cadillac Escalade გახდა
2025 წელი SUV სეგმენტისთვის მთელ მსოფლიოში ძალიან წარმატებული იყო — ევროპაში SUV-ებმა ბაზრის წილის ნახევარზე მეტიც კი დაიკავეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ამაში უჩვეულო არაფერია: აღნიშნულ „ბუმამდეც“, ამერიკელები უპირატესობას SUV-ებსა და პიკაპებს ანიჭებდნენ, თანაც იმდენად, რომ აქ SUV-ების სეგმენტში ქვეჯგუფებიც კი გამოიყოფა: მაგალითად, დიდი, მდიდრული SUV...
სწორედ ამ ქვეჯგუფში 2025 წელს აშშ-ში პირველობა კადილაკის ლეგენდარულმა მოდელმა Escalade-მა დაიბრუნა. საკმაოდ მძიმე კონკურენციაში Cadillac-ის მოდელმა ტრადიციულ კონკურენტს, Lincoln Navigator-სა და ბოლო წლებში მოძლიერებულ Jeep Wagoneer-ს სძლია. 
სიურპრიზი, ალბათ, არ იქნება, თუ გეტყვით, რომ როგორც ასე დაწვრილმანებულ, ისე სამრიგა SUV-ების ზოგად სიაში ძირითადად ამერიკული მწარმოებლების მოდელები დომინირებენ. მაგალითად, Chevrolet Tahoe, GMC Yukon და Ford Expedition პირველ სამ ადგილს ინაწილებენ, მეოთხე ადგილს Chevrolet-ის კიდევ ერთი მოდელი, Suburban იკავებს, მათ კი სწორედ კადილაკის ფლაგმანი მოჰყვება 49 366 გაყიდული ერთეულით. ამ კუთხით Escalade-მა აჯობა Toyota Sequoia-სა და Nissan Armada-ს, რაც შესანიშნავი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ კადილაკის საბაზრო ფასი ამ უკანასკნელთ ბევრად აღემატება.


Escalade-ის აშშ-ის ბაზარზე წარმატება მოულოდნელი სულაც არ არის, რადგან მოდელი პოპულარულობას ყოველთვის ინარჩუნებს, მაგრამ პირველობა გარანტირებული მაინც არ აქვს. მაგალითად, 2024 წელს მას Jeep-მა აჯობა, როცა კადილაკის მიერ გაყიდული 42 000 ერთეულის საპირწონედ 55 000 Wagoneer-ის გაყიდვა შეძლო. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ ჯიპის მოდელის გაყიდვები 20%-ით დაეცა, ხოლო კადილაკის გაიზარდა.
რას უნდა ველოდოთ 2026 წელს? ბევრ რამეს — მაგალითად, Jeep-ს ფასების შემცირების სტრატეგია შემოაქვს, რაც, სავარაუდოდ, Wagoneer-ის გაყიდვებზე დადებითად იმოქმედებს, თუმცა იქნება ეს საკმარისი კადილაკის პოპულარობის გადასალახად?