აუქციონი, ჰამერი, ჰამვი, ჰამერი ეიჩ1, თუფაქ შაკური
Aa
Aa

ლეგენდარული რეპერის უკანასკნელი შენაძენი | თუფაქ შაკურის Hummer-ი აუქციონზე იყიდება

ლეგენდარული ამერიკელი რეპერის, თუფაქ შაკურის Hummer H1, სამხედრო ტიპის ავტომობილი, რომელიც 1990-იანი წლების რეპკულტურას იდეალურად ერწყმოდა, მიმდინარე თვეში აუქციონზე გამოჩნდება. 1996 წლის ავტომობილი გასაყიდად არიზონას შტატში გამოჩნდება.

ეს H1 შაკურის პირადი ავტომობილია, რომელიც მან 1996 წლის 7 სექტემბრის საბედისწერო თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე შეიძინა. მას შემდეგ თითქმის 30 წელი გავიდა და Hummer-ს კვლავ წარმოუდგენლად დაბალი გარბენი, 16 000 კილომეტრი აქვს ოდომეტრზე. უმეტესწილად ხელუხლებლადაა დატოვებული მოდელის მდიდრული ინტერიერი, რომლისთვისაც თავის დროზე კრემისფერი ტყავი და ლაქირებული ხის დეტალები შეირჩა.

ლეგენდარული რეპერის პირადი გამოყენების Hummer-ის კაპოტქვეშ კი, არანაკლებ ლეგენდარული სამხედრო მონსტრი Humvee იმალება, რომელსაც 1980-იან წლებში აშშ-ის არმია აქტიურად იყენებდა. თუფაქის H1 უზარმაზარი 6.5-ლიტრიანი დიზელზე მომუშავე ძრავითაა აღჭურვილი. მსგავსი მოცულობის მიუხედავადაც, ეს ძრავა მხოლოდ 205 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, თუმცა 1 800 ბრ/წთ-ზე წარმოუდგენელ 597 ნიუტონ მეტრის მაბრუნ მომენტს უზრუნველყოფდა.

ცნობისთვის, რეპერის SUV-ის თანამედროვე ელექტრო შთამომავალი, 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3 წამზე ოდნავ მეტ დროს ანდომებს. თუმცა წარსულში,  1990-იანი წლების H1-ს იმავე ნიშნულის მისაღწევად ხუთ-ექვსჯერ მეტი დრო დასჭირდა. 

Bonham-ის აუქციონის სახლი თუფაქ შაკურის Hummer-ს გასაყიდად 23 იანვარს წარადგენს. თარიღის მოახლოების მიუხედავად Bonham-ი ამ დრომდე SUV-ის საორიენტაციო ფასს არ ასახელებს. მაგრამ, მისი დაბალი გარბენისა და, რა თქმა უნდა, ლეგენდარული წარსულის გათვალისწინებით, ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ H1-ის მიმართ ინტერესი დაბალი არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები