Porsche აღიარებს, რომ Macan-ის ელექტრომობილად ქცევა შეცდომა იყო და ამას გამოასწორებს
უკანასკნელ რამდენიმე წელიწადში ავტომწარმოებლების დიდმა ნაწილმა ელექტრიფიკაციის სტრატეგია მნიშვნელოვნად შეცვალა. მაგალითად, Stellantis-ი EV პროექტის განვითარების პროცესში დიდი გამოწვევების წინაშე დადგა, თუმცა ეს მხოლოდ საავტომობილო სამყაროს „რიგით“ მოთამაშეებს არ ეხება...
მეორე მხარეს Porsche დგას, რომელმაც მეინსტრიმ ბრენდების მსგავსად, როგორც ჩანს, ელექტრიფიკაციის დაჩქარებულ პოლიტიკას შეცდომის კვალიფიკაცია მიანიჭა. გერმანული კომპანიის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ცოტა ხნის წინ საჯაროდ აღიარა, რომ Macan-ის მხოლოდ ელექტრომობილად გამოშვება დიდი შეცდომა იყო — ახლა Porsche ამის გამოსწორებას ცდილობს. 
ოლივერ ბლუმმა თანამდებობა 2026 წლის დასაწყისში დატოვა — 2019 წელს ბენზინზე მომუშავე Macan-ის წარმოების შეწყვეტა სწორედ მისი გადაწყვეტილება იყო.
„ჩვენ Macan-თან დაკავშირებით შევცდით — მაშინდელ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ალბათ, ახლაც ანალოგიურად მოვიქცეოდით, თუმცა სიტუაცია დღეს განსხვავებულია. ჩვენ ვცდილობთ, მას შიგაწვისძრავიანი და ჰიბრიდული ვერსიების გამოშვებით ვუპასუხოთ“ , — განუცხადა ბლუმმა Frankfurter Allgemeine Zeitung-ს.
სრულად ელექტრო მოდელი 2024 წლის დასაწყისში გაეშვა — ბრენდის ხანგრძლივმა გულშემატკივრებმა ეს ნაბიჯი არ მოიწონეს, თუმცა მაკანის მყიდველებს ეს ფაქტი, ალბათ, ნაკლებად ადარდებდათ... მიუხედავად კარგი სტარტისა, ძვირადღირებული ელექტრომობილის გაყიდვები იმაზე ცუდად წარიმართა, ვიდრე Porsche-ში ისურვებდნენ. 
ახალი მოდელი, რომელიც 2028 წლამდე უნდა გამოვიდეს, იდენტურ სეგმენტს დაიკავებს SUV Cayenne-ის ქვეშ და, დიდი ალბათობით, დაეყრდნობა Volkswagen Group-ის Premium Platform Combustion არქიტექტურას, რომელსაც Audi Q5 იყენებს. ბლუმმა ახალი ქროსოვერის შესახებ განაცხადა, რომ ის Macan EV-ისგან რადიკალურად განსხვავებულია და ეს ნამდვილად ტიპური პორშე იქნება. 
Porsche-მ დაადასტურა ისიც, რომ 718 სერიის მოდელები, რომლებიც სრულად ელექტრომობილებად იყო ჩაფიქრებული, ჰიბრიდული და შიგაწვისძრავიანი ვერსიების სახითაც გამოვა.