ფორმულა 1, რეკორდი, ნიურბურგრინგი, მერსედეს აიემჯი
Aa
Aa

F1-ის ყოფილმა გუნდმა ნიურბურგრინგის ისტორიაში ყველაზე ნელი წრის რეკორდი დაამყარა

Formula 1-ის ყოფილმა გუნდმა, ნიურბურგრინგის რეკორდების წიგნში, თავისი ადგილი დაიკავა, თუმცა ცოტა არ იყოს უცნაური გზით. ეს მიღწევა ძალიან პატარა ზომის, დიზელზე მომუშავე, „მიკრომანქანას“ უკავშირდება. ავტომობილმა ნიურბურგრინგის ისტორიულ ტრასაზე ყველაზე ნელი წრე შეასრულა.

F1-ის გულშემატკივრებს ალბათ ემახსოვრებათ Ligier-ი. ფრანგული გუნდი, რომელიც ჩემპიონატში ბოლოს ამ სახელწოდებით 1996 წლის იაპონიის გრან-პრიზე გამოჩნდა. სეზონის ბოლოს გუნდი ალან პროსტს მიჰყიდეს და 1997 წელს ის Prost Grand Prix-ად გადაკეთდა. გუნდი ტრადიციულად 25 და 26 ნომრებს იყენებდა.

თუმცა რბოლებთან ერთად, მას დიდი ხანია მიკრომანქანების ხაზიც აქვს. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს Ligier JS50-ზე, რომელსაც „ქალაქის სპორტქარადაც“ მოიხსენიებენ ხოლმე. ავტომობილი ოთხტაქტიანი, ორცილინდრიანი დიზელის ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც დაახლოებით 8 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მაქსიმალურ სიჩქარეს 48 კმ/სთ-ზე ძლივს თუ აღწევს.

JS50 გასული წლის მარტში, ნიურბურგრინგის „ნორდშლაიფეზე“ წარადგინეს - ზუსტად იმ წრეზე, რომელზეც ჩვეულებრივ რეკორდების მაძიებელ სუპერქარებს ცდიან ხოლმე. სწორედ ამ გზაზე, მიკრომანქანამ სრული წრე 28 წუთსა და 25.8 წამში დაფარა - დრო, რომელიც მას ნიურბურგრინგის ისტორიაში ყველაზე ნელ წრედ აქცევს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ JS50-ის მძღოლმა პარიზიდან ნიურბურგრინგამდე გზა ერთი ავზით დიზელის ძრავით გაიარა მანამ, სანამ წრის დაფარვას შეეცდებოდა. შესაძლოა ეს უბრალო დეტალია, თუმცა თუ სიმართლეს შეესაბამება, ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმის, თუ რამდენად არასერიოზული იყო Ligier-ისთვისაც კი, ეს ყველაფერი.

ცნობისთვის, Ligier F1-ში 1976 წლიდან 1996 წლამდე ასპარეზობდა. მათ ანგარიშზე 9 გამარჯვებაა. ბოლო გამარჯვება ოლივიე პანისმა 1996 წლის მონაკოს ლეგენდარულ გრან-პრიზე მოიპოვა.

შედარებისთვის, მასობრივი წარმოების მოდელებისთვის, ნიურბურგრინგის  „ნორდშლაიფეზე“ ყველაზე სწრაფი წრის რეკორდი Mercedes-AMG-ს ეკუთვნის. გერმანელების სუპერქარმა წრე 6:29.09 წუთში დაფარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები