Skoda-მ ახალ ფლაგმანს სახელი შეურჩია | როგორი იქნება Skoda Peaq
Skoda-მ თავის ახალ ელექტრომობილს სახელი საბოლოოდ შეურჩია — ახალ ფლაგმანს Peaq ერგმევა, რაც ჩეხური ბრენდის საწარმოო ხაზში მის პოზიციასაც შეესაბამება. მოდელი 2026 წლის ზაფხულში გამოვა და ჯერჯერობით კომპანიის ყველაზე ამბიციური EV პროექტი იქნება.
გახსოვთ ელეგანტური კონცეპტი Vision 7S 2022 წლიდან? Peaq სწორედ აღნიშნულ კონცეპტზე დაფუძნებული სერიული მოდელია, რომელიც მყიდველებს საოჯახო, კომფორტულ და ეკოლოგიურად აბსოლუტურად სუფთა ავტომობილს შესთავაზებს. ტექნიკურად, ეს სრულად ელექტრო Kodiaq-ია — უბრალოდ, უფრო ჩუმი, ციფრული და კომფორტული...

Vision 7S Skoda-ს მომავლის ახალი ხედვისა და დიზაინის მთავარი ნიმუში იყო — მიუხედავად იმისა, რომ Peaq-ზე ჯერ არაფერი ვიცით, გარდა რამდენიმე მუქი თიზერისა — სავარაუდოდ, ის აღნიშნულ კონცეპტს ძალიან დაემსგავსება. შესაბამისად, იქნება კუთხოვანი, „დაკუნთული“ და ტრადიციული ცხაურას ნაცვლად Tech Deck ცხვირით მოიწონებს თავს.
პაპარაცებმა შეფუთული და შენიღბული პროტოტიპი ნურბურგრინგზე გამოცდისას უკვე იხილეს და, მიუხედავად იმისა, რომ კამუფლაჟმა მანქანის დეტალების გარჩევის საშუალება არ მოგვცა, ერთი რამე ცხადია — ეს ევროპული სტანდარტებით ძალიან დიდი მანქანაა, რომელიც სიგრძეში, დაახლოებით, 5 მეტრი იქნება. 
Peaq Volkswagen Group-ის MEB პლატფორმაზე იქნება დაფუძნებული — არქიტექტურაზე, რომელსაც სხვა არაერთი მოდელიც ეყრდნობა — მაგალითად, Enyaq ან VW ID. Buzz და ID. 7. თუ მოდელი პროტოტიპთან ახლოს დარჩება, სავარაუდოდ, ისიც 89 კვტ.სთ-იანი ბატარეით აღიჭურვება და ერთი დამუხტვით, დაახლოებით, 600კმ-ს გაივლის. 
სავარაუდოდ, ვიხილავთ Peaq-ის როგორც უკანა ამძრავ, ისე სრულად ამძრავ, ორძრავიან ვერსიებს... კომპანია ადასტურებს, რომ Peaq მათი ყველაზე ძვირადღირებული მოდელი იქნება, თუმცა, მიუხედავად ამისა, კონკურენტებთან (Kia EV9, Volvo EX90, Hyundai Ioniq 9) შედარებით მაინც ფასისა და ხარისხის უკეთეს ბალანსს შემოგვთავაზებს. ერთი სიტყვით, Skoda არ ხუმრობს და კონკურენტებისთვის არაფრის დათმობას არ აპირებს.