ჩინეთი Porsche Taycan-ის $28 000-იან „ასლს“ უშვებს
ბოლო წლებში, ჩინურმა ელექტრომობილებმა, როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპის ბაზარი „დატბორეს“. მათი პოპულარობა უმეტესად ხელმისაწვდომი ფასითა და მაღალტექნოლოგიურობითაა განპირობებული. შესაბამისად, EV-ების სეგმენტში ჩინელების ამბიციებიც, გარკვეულწილად, ყველასათვის გასაგებია.
თუმცა არანაკლებ ამბიციურები ისინი სუპერქარების ბაზარზე არიან და მომხმარებელს ახალ მოდელებსაც აქტიურად სთავაზობენ. მაგრამ აქ ერთი დიდი პრობლემა იკვეთება: კერძოდ ის, რომ ჩინური სუპერქარების დიზაინი საკმაოდ ხშირად ევროპულ მოდელებს გვაგონებს და ზოგჯერ, მათი იდენტური ვერსიაც კია.

ამჯერად საუბარი SAIC-ის ახალ Z7 სედანზე გვაქვს, რომელიც ბევრისთვის Porsche Taycan-ის იდენტურია. შესაძლოა ვიზუალი მსგავსი იყოს, თუმცა მის ჩინურ „კლონსა“ და Taycan-ს შორის განსხვავება ნამდვილად არის ღირებულება: თუ გერმანული მოდელის ფასი დაახლოებით $132 000-ია, SAIC-ის შეძენას მხოლოდ $28 000-ად შეძლებთ.
წარმოდგენილი სედანი HIMA-ს (Harmony Intelligence Mobility Alliance) მიერაა შემუშავებული და SAIC-ის ბრენდის ქვეშ გაიყიდება. HIMA, თავის მხრივ კი ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Huawei, ადგილობრივ ავტომწარმოებლებთან თანამშრომლობს. ხოლო პარტნიორობით წარმოებული მოდელები, ისეთი ბრენდების სახელის ქვეშ იყიდება, როგორებიცაა Seres, Chery, BAIC, JAC და SAIC.


თავდაპირველად, HIMA-მ ახალი მოდელის შედარებით „ბნელი“ ფოტო გამოაქვეყნა. თუმცა ამ თიზერულ სურათზეც მკვეთრად გამოხატული სილუეტი Taycan-ის დიზაინზე მიუთითებდა. ორივე მოდელის მოცემულ გვერდითა ფოტოზე მარტივად შეამჩნევთ, თუ როგორ გვანან ისინი ერთმანეთს.
თუმცა სამართლიანობისთვის, მოდელის წინა მხარეზე დაკვირვებით შეიძლება იმის თქმაც, რომ Z7-ის მაშუქების სტილი Taycan-თან შედარებით განსხვავებულია. ხოლო საქარე მინის ზემოთ LiDAR ბლოკი შესაძლოა მოდელში ავტონომიური მართვის სისტემის არსებობაზე მიუთითებდეს.