Dodge-მა ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელის წარმოება შეწყვიტა
ქროსოვერების ბაზარი უკვე საკმაოდ მრავალფეროვანია, რადგან ამ ტიპის ავტომობილებზე მოთხოვნა ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა — მიუხედავად ამისა, ყველა მათგანი ამ კონკურენციას ვერ უძლებს. გასული წლის ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე Alfa Romeo-მ Tonale-ს რესტაილინგი წარადგინამ თუმცა 2026 წლის Dodge Hornet ვერსად ვიხილეთ... როგორც აღმოჩნდა, ქროსოვერს მომავალში ვეღარც ვიხილავთ...

ეს ცოტა არ იყოს, უცნაურია, რადგან Hornet-ი ამერიკული ბრენდის ყველაზე გაყიდვად მოდელთა შორის მე-2 ადგილს იკავებდა... მიუხედავად ამისა, 2025 წელს ტენდენცია მაინც შემაშფოთებელი იყო — ქროსოვერის გაყიდვები 54%-ით შემცირდა და 9365 ერთეული შეადგინა.
პირველ ადგილზე მყოფმა Durango-მ აწ უკვე გაუქმებულ თანამოძმეს ბევრად აჯობა და მასზე არჩევანი 81 168 მძღოლმა შეაჩერა. Hornet-მა აჯობა სრულად ელექტრო Charger Daytona-საც (7421 გაყიდული ერთეული), თუმცა 9365 გაყიდული ერთეული იმ ქროსოვერისთვის, რომლის ფასიც, დაახლოებით, 30 000$-ია, მაინც კატასტროფული მაჩვენებელია. 
ინფორმაცია CarBuzz-მა გაავრცელა, მოგვიანებით კი Stellantis-მაც დაადასტურა, რომ გარკვეული პოლიტიკური ცვლილების გამო ქროსოვერი, რომელიც იტალიაში იწყობოდა, აღარ გამოვა. მიუხედავად ამისა, კომპანია გააგრძელებს მოდელის მფლობელების დახმარებას, მათ მომსახურებას და საჭირო ნაწილების დამატებით გამოშვებას. ეს უკანასკნელი მაინცდამაინც რთული ამოცანა არ უნდა იყოს, რადან Hornet-ი და Alfa Tonale თითქმის იდენტური მოდელებია, ტონალე კი არსად წასვლას არ აპირებს — შარშან გამოჩენილი რესტაილინგი წელს ამერიკულ ბაზარზეც გამოჩნდება.
როგორც ჩანს, სამომავლოდ Dodge-ისგან პერფორმანსის სეგმენტში უფრო აქტიურ დაბრუნებას უნდა ველოდოთ. შესაბამისად, ახალ, შიგაწვისძრავიან Charger R/T-სა და Charger Scat Pack-ს აუცილებლად ვიხილავთ.