პიკაპი, აშშ, საავტომობილო ბაზარი, სატვირთო
Aa
Aa

2025 წლის დეკემბერში ამერიკელმა მძღოლებმა პიკაპების საყიდლად 15 მილიარდზე მეტი დახარჯეს

როგორც წესი, წლის ბოლოს ავტომობილების ფასები იმატებს, თუმცა გასული დეკემბერი ამ მხრივ მაინც ერთ-ერთი გამორჩეული იყო — აშშ-ში ტრანზაქციის საშუალო ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაშიც მთავარი „დამნაშავე“ სატვირთოების სეგმენტი აღმოჩნდა. 

Kelley Blue Book-ის მონაცემებით, დეკემბერში ახალი ავტომობილის საშუალო ფასი აშშ-ში 50 326$-ს შეადენდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 0.8%-ით მაღალია, ნოემბრის მაჩვენებელს კი 1.1%-ით აღემატებოდა. ტენდენციაზე ყველაზე მეტად შეერთებულ შტატებში პიკაპების პოპულარობამ იმოქმედა — მხოლოდ დეკემბერში, ამ სეგმენტის წარმომადგენელ ავტომობილებზე ამერიკელებმა 15 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს. საკუთრივ, გაზრდილია პიკაპების ფასიც — მაგალითად Ford F-150-ისა და Chevy Silverado-ს საშუალო ფასები, 2024 წელთან შედარებით, დაახლოებით, 1.9%-ით მაღალი იყო და 66 000$-ს აჭარბებდა. მიუხედავად ამისა, გაყიდული პიკაპების რაოდენობამ 230 000-ს გადააჭარბა. 

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ავტომობილების საშუალო ფასების ზრდა მხოლოდ გაძვირების კანონზომიერი პროცესის შედეგი არ არის, არამედ იმისაც, რომ მძღოლები უფრო მდიდრულ მოდელებს ირჩევენ... დეკემბრის მყიდველების თითქმის 20%-მა არჩევანი სწორედ მდიდრულ ავტომობილებზე შეაჩერა. თუმცა, რა თქმა უნდა, მყიდველებზე მეტად მიზეზები გამყიდველებთან უნდა ვეძიოთ — რეკორდული იყო ავტომწარმოებლის მიერ ავტომობილში მოთხოვნილი საშუალო ფასიც — 52 647$ (1.2%-იანი ზრდა 2024 წლის დეკემბერთან შედარებით). 

ელექტრომობილების ბაზარზე სიტუაცია ასეთი ერთგვაროვანი არ იყო — ტარიფებისა და საგადასახადო შეღავათების ირგვლივ არსებულმა გაუგებრობებმა სეგმენტის ზრდა მნიშვნელოვნად შეაჩერა. ახალი ელექტრომობილის საშუალო ფასი (58 000$) 2025 წლის დეკემბერში ოდნავ შემცირდა, თუმცა 2024 წლის მაჩვენებლებს მაინც „აჯობა“. მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერში 84 000-ზე მეტი EV გაიყიდა, წლის ჭრილში გაყიდვები მაინც 2%-ით შემცირდა, რაც საგადასახადო ბენეფიტების მოხსნას უნდა დავაბრალოთ... 

მსგავსი სიახლეები