Honda, მისაბმელი, ჰონდა, კემპერი
Aa
Aa

Honda-ს საიდუმლო პროექტი მასობრივი წარმოების მისაბმელი კემპერი აღმოჩნდა

Honda-მ მიმდინარე კვირის დასაწყისში მედიას თავისი საიდუმლო პროტოტიპი წარუდგინა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, მისაბმელი კემპერია. Honda Base Station, იაპონური ავტომწარმოებლის განცხადებით, კემპინგის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფადაა შექმნილი — ეს არ არის ტრადიციული მისაბმელი კემპერი, რომელიც აპოკალიფსს გადაგატანინებთ, თუმცა სარეკრეაციო მიზნით ქალაქგარეთ გასვლისას, თავისი პრაქტიკულობით ნამდვილად სასიამოვნოდ გაგაოცებთ. 

კემპერის შესახებ დეტალებს დროთა განმავლობაში გავიგებთ, თუმცა რაც დანამდვილებით ვიცით, კომპანიას სურს, ამ „ვაგონის“ ჩაბმა კომპაქტურმა ქროსოვერებმა და ელექტრომობილებმაც თავისუფლად შეძლონ, მათ შორის Honda-ს ისეთმა მოდელებმა, როგორებიც CR-V და Prologue არიან. მთავარი სიახლე მაინც ის არის, რომ Base Station მასობრივი წარმოების კემპერი იქნება, რაც მის ფასს სხვა „კოლეგებისაზე“ ბევრად დაბლა დააყენებს — ეს კი ამ ბაზარზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

პროტოტიპი აღჭურვილია არაერთი მნიშვნელოვანი დეტალით — ჰაერის კონდიცირებით, გარე საშხაპითა და სამზარეულოთი. რაც შეეხება ენერგიას, მას კემპერი ლითიუმ-იონური ბატარეიდან და კორპუსზე განლაგებული მზის პანელებიდან იღებს, თუმცა გახანგრძლივებული მოხმარების შემთხვევაში, მარტივად შეიძლება მძღოლმა ის გენერატორზე დააერთოს. Honda-ს ცნობით, მასში თავისუფლად მოთავსდება 4 ადამიანისგან შემდგარი ოჯახიც, რადგან მოდიფიკაციის შემთხვევაში, შესაძლოა კემპერს ორსართულიანი საწოლი დაემატოს.  

ნებისმიერ შემთხვევაში, Honda ახალ სეგმენტში შებიჯებას დიდი სიფრთხილით ეკიდება და არ ჩქარობს — სეგმენტების დიაპაზონით კი იაპონური ავტომწარმოებელი ნამდვილად გამორჩეულია: ერთდროულად F1-ის ძრავებს, ავტომობილებს, გენერატორებს, მოტოციკლებსა და გაზონის საკრეჭებს ყველა კომპანია კი არ აწარმოებს...

სერიული წარმოების დაწყების შემდეგ, Base Station-ის საბაზისო კომპლექტაციის სავარაუდო ფასი 20 000$ იქნება, რაც ამ კუთხით კონკურენტებზე Happy Camper HC1-სა (30 000$ და მეტი) და nuCamp TAB 320-ზე (28 000$ და მეტი) მაღლა დააყენებს...

მსგავსი სიახლეები