ჩინეთი, გაყიდვები, მერსედეს-ბენცი, ტარიფები
Aa
Aa

გაყიდვების კლების ფონზე, Mercedes-Benz-ი უძრავი ქონების ბაზარზე ინაცვლებს

ჩინეთის ბაზარზე მაღალი ტარიფებისა და გაზრდილი კონკურენციის გავლენით, გასულ წელს Mercedes-ის გაყიდვები 10%-ით შემცირდა. შემოსავლების კლების ფონზე, გერმანულმა ავტომწარმოებელმა, როგორც ჩანს, ფინანსური წყაროების დივერსიფიკაცია გადაწყვიტა და ბედი სრულიად განსხვავებული მიმართულებით სცადა.

საუბარია კომპანიის უახლეს პროექტზე, რომელიც დუბაიში, Mercedes-Benz Places-ის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი, სახელწოდებით Mercedes-Benz Places Binghatti, ე.წ. „ქალაქი ქალაქში“ პრინციპით შენდება. იგი 13 000-ზე მეტ საცხოვრებელს მოიცავს, რომლებიც ჯამში 12 კოშკში გადანაწილდება, საერთო ფართობი კი 800 000 კვადრატულ მეტრს აჭარბებს.

„ექსკლუზიური, ინტეგრირებული ურბანული ცხოვრების ახალი სტანდარტის“ დასამკვიდრებლად შექმნილი პროექტის ცენტრში საფეხუროვანი სტილის კოშკი იქნება განთავსებული. Vision Iconic-ის სახელით ცნობილი ცენტრალური ნაგებობა თერთმეტი მართკუთხა ფორმის შენობით იქნება გარშემოტყმული.

ამ ეტაპზე Mercedes-ს ახალი და მათთვის უცხო პროექტის შესახებ ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ თითოეულ კოშკს კონცეფციის სახელი დაერქმევა. შესაბამისად, ვიხილავთ Vision One-Eleven, Vision Mercedes Simplex და Vision Mercedes-Maybach 6-ის სახელობის შენობებს.

გერმანულმა ბრენდმა დაადასტურა, რომ თითოეული შენობის დიზაინი და სტილი „ზედმიწევნით იქნება შემუშავებული, რათა Mercedes-Benz-ის ბრენდის გამოცდილება ყველა ასპექტში უფრო ინტენსიური გახდეს“. რთული სათქმელია, რას გულისხმობს ამაში ავტომწარმოებელი, თუმცა ალბათ შეგვიძლია ხისა და ტყავის მასალების, ასევე შავი და ვერცხლისფერი დეტალების სიმრავლეს ველოდოთ.

ამასთანავე, ავტომწარმოებელი დიდ ძალისხმევას ჩადებს ლანდშაფტის განვითარებაშიც. სარეკლამო კამპანიებში გარე სივრცეები წარმოდგენილია, როგორც „ელეგანტურობისა და სიმშვიდის თავშესაფარი, სადაც ბუნება და ინოვაცია ერთმანეთს ერწყმის“. კომპანია მომხმარებელს მრავალფუნქციურ გარემოს ჰპირდება, რომელიც სპორტულ დარბაზებს, რეკრეაციულ ზონებსა და მშვილდოსნობის, ფარიკაობის, ცოცვისა თუ პილატესის კლუბებს გააერთიანებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები